პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სადაც ცოტა ხნის წინ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ბიუროს დღის წესრიგი დახია.
თინა ბოკუჩავა და „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი ითხოვდნენ არჩილ თალაკვაძისგან პასუხის გაცემას, შეუშვებდნენ თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 20 ივნისის აქციის დროს დაკავებულების მოსანახულებლად. მათი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ამ უფლებას უზღუდავთ.
თალაკვაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს განუმარტა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ, საორგანიზაციო საკითხებზე გადასვლამდე, მათ მიეცემოდა სიტყვით გამოსვლის საშუალება.
თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარესთან მივიდა და სხდომის წაყვანის საშუალება აღარ მისცა.
„ახლა აგიხსნით, დამნაშავე ვინ არის. ორ წამში აგიხსნით. დავიწყოთ ახლა იმით, რომ პირველ რიგში, თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც თან ბოიკოტის წერილებს წერთ, თან პარლამენტში ბიუროს სხდომას ესწრებით. ჩამოყალიბდით. არ ესწრებიან, მეგობრებო, ბიუროს სხდომას არ ესწრებიან. პასუხი მოისმინეთ და ეპატაჟი დაასრულეთ. ადგილზე დაბრძანდით, თითს ნუ მიქნევ. დაჯექი თავის ადგილას. გაიყვანეთ აქედან, თუ შეიძლება, ქალბატონი ბოკუჩავა. ეპატაჟი დაასრულე და დამელოდე. მაშინ მიბრძანდი სხდომიდან. კითხვაზე გინდათ პასუხი? დაჯექი და აგიხსნი, დაბრძანდი, ვერავის შეაშინებ ფეხზე წამოდგომით. დაბრძანდით თქვენს ადგილზე და ღვედები შეიკარით. დაბრძანდით თქვენს ადგილას. სავარძელში დაბრძანდით და ღვედები შეიკარით, გირჩევთ“, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ თინა ბოკუჩავას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა სერგო რატიანმა სხდომა უკვე დატოვეს.