„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ თავის მოადგილეებად ზაზა გოგავა და იგორ ნარმანია წარადგინა.
როგორც ბოკუჩავამ წარდგენისას განმარტა, აღნიშნული ინსტიტუციური გადაწყვეტილება ემსახურება პარტიის ახალგაზრდებისთვის გახსნას.
„26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსი. მჯერა, ერთიანობით, საერთო ძალისხმევით, გუნდურობით გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და გადარჩება ევროატლანტიკური არჩევანი. არჩევნებამდე დარჩა 106 დღე, შეუძლებელი უნდა შევძლოთ, ვიმუშაოთ 24-საათიან რეჟიმში, რათა გვქონეს ყველაზე ეფექტური კამპანია, ყველაზე გამართული ორგანიზაციული სტრუქტურა ამ არჩევნებისთვის, რომელსაც აქვს გადამწყვეტი როლი ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ევროატლანტიკური მომავლისთვის. მოხარული ვარ, რომ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეს ჩემთან ერთად გაუძღვება ზაზა გოგავა, როგორც ჩემ მიერ დანიშნული მოადგილე. ამასთანავე, მივიღე გადაწყვეტილება, მოადგილის როლში იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანია. ეს არის ინსტიტუციური გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება პარტიის მაქსიმალურად გახსნას ახალგაზრდებისთვის. იგორი ყოველთვის წინა ხაზზე იდგა საპროტესტო მოძრაობის დროს და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ დააკავეს, მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ყოველთვის იდგა და იდგება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე. მეამაყება, რომ ჩვენ თანამებრძოლები ვართ.
ამავე პრინციპით მივიღე, ასევე, ინსტიტუციური გადაწყვეტილება და ვთხოვ „ნაციონალური მოძრაობის“ ქალთა ორგანიზაციას, აირჩიოს ახალი თავმჯდომარე, რა როლსაც მე ვიკავებდი ჯერ კიდევ 2017 წლიდან და ძალიან მეამაყება. მათ მიერ შერჩეული კანდიდატი ასევე დაიკავებს ჩემი მოადგილის პოზიციას. მაშინ, როდესაც გააუქმეს ქალთა კვოტირება, ივანიშვილის პარტია დევნის ქალებს პოლიტიკიდან, პარლამენტიდან, ეკონომიკიდან და ქვეყნიდან, როცა იძულებით ემიგრაციაში მყოფთა 70 პროცენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სწორედ ქალია, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში. ჩემი ინიციატივით, ასევე შევიტანეთ ცვლილება პარტიის წესდებაში, რომლის მიხედვითაც, მინიმუმ, 30 პროცენტი პარტიული საარჩევნო სიების დაკომპლექტებული იქნება სწორედ ქალებით. მჯერა, ჩვენი დღევანდელი ინიციატივები გააგრძელებს ჩვენს საერთო ძალისხმევას, რათა ერთიანობით გამარჯვება მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას 26 ოქტომბრის არჩევნებზე. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ ზაზას, იგორს მათი ბრძოლისთვის, შემართებისთვის, ერთიანობისთვის და ასევე ველოდები დასახელებას ქალთა ორგანიზაციიდან ადამიანის, რომელიც ასევე დაიკავებს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, ზაზა გოგავა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, იგორ ნარმანია კი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო.