თინა ბოკუჩავა - ყველაფერს ვიზამთ, მათ შორის, ფიზიკურად დავიცავთ ნიკა მელიას, თუ ხელისუფლებამ ძალადობრივი გზით განიზრახა მისი დაკავება
გავრილოვმა დავალება მისცა შემსრულებლებს, საქართველოს პარლამენტმა ინსტრუქტაჟი შეასრულა, ჯერი სასამართლოსა და მოსამართლეზეა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
„ძალიან რთულია, პროგნოზების გაკეთება როცა საუბარია არაპოლიტიკოს ოლიგარქზე, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას. მთელი სახელმწიფო სტრუქტურები აგებულია იმაზე, თუ როგორი ხუშტურით გაიღვიძებს ეს ადამიანი ხვალ დილით. ფაქტია, რომ გავრილოვმა დავალება მისცა მის შემსრულებლებს, ინსტრუქტაჟი საქართველოს პარლამენტმა შეასრულა, ჯერი არის სასამართლოზე და მოსამართლეზე, რომელიც სხვა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში ფიგურირებდა, მათ შორის ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეში, რურუას საქმეში, ოქრუაშვილის დაცვის საქმეში, ასე რომ არ გამოვრიცხავ, შეასრულოს ის პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც მოვა ივანიშვილისგან“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, ოპოზიციური ლიდერები აპირებენ, რომ გვერდში დაუდგნენ ნიკა მელიას, რადგან „ეს არ არის ერთი ადამიანის სიმართლისა და თავისუფლების დაცვა“.
„ნიკა მელია არსად მისვლას არ აპირებს, ჩაბარებას არ აპირებს და აპირებს ბრძოლას ბოლომდე. ოპოზიციური პარტიის ლიდერები აპირებენ, რომ მას დაუდგნენ გვერდში, რადგან ეს არ არის ერთი ადამიანის სიმართლისა და თავისუფლების დაცვა, ეს არის იმის დამტკიცება, რომ გავრილოვის დავალებები ასე მარტივად საქართველოში არ სრულდება. ყველაფერს ვიზამთ, მათ შორის ფიზიკურ დაცვაზე იყო საუბარი, თუ ხელისუფლება ისეთი უმეცარი აღმოჩნდა, რომ ძალადობრივად განიზრახა კვლავ თვალები დასთხაროს ადამიანებს და ამის ფონზე მოახდინოს მელიას დაკავება. არ ვიცი, მერამდენედ უნდა დაუმტკიცონ ერთგულება ოკუპანტ გავრილოვს ქართველ ხალხზე ძალადობის ხარჯზე. თუ ამ გზას აირჩევს ხელისუფლება, მთელი ოპოზიციური სპექტრი აცხადებს, რომ დავიცავთ ნიკა მელიას“, – განაცხადა ბოკუჩავამ.