თინა ბოკუჩავა - უმჯობესია, დეპუტატებმა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი იცოდნენ 
თინა ბოკუჩავა - უმჯობესია, დეპუტატებმა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი იცოდნენ 

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა ფიქრობს, რომ უმჯობესი იქნება, თუ საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის თარიღი დეპუტატებს ეცოდინებათ.

როგორც პირველ არხს ბოკუჩავამ განუცხადა, რეგლამენტის გათვალისწინებით, პრეზიდენტს ვალდებულება არ აქვს, რომ პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში გამოცხადებულიყო.

მისი თქმით, იმისათვის, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს გამოსვლების დაგეგმა და დებატების გამართვა შეეძლოთ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, პრეზიდენტი პარლამენტში მნიშვნელოვან გამოსვლას როდის გეგმავს.

“პრეზიდენტის გამოსვლა საპარლამენტო ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოსვლაა. რაც შეეხება საკითხებს, იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი მედიის თავისუფლებაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ისაუბრებს და ასევე ქვეყნის საგარეო კურსს შეეხება განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ხელისუფლების მხრიდან არათანმიმდევრული და შესაძლოა, სახიფათო სიგნალები გვესმოდეს, მათ შორის, ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. უმრავლესობას მოვუწოდებთ, საპარლამენტო დებატები დაუშვას, რათა ანგარიშის წარდგენა შეზღუდულ ფორმატში არ მოხდეს”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლის თარიღს არ აკონკრეტებენ.