თინა ბოკუჩავა - სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღონ, ჩვენ ვიქნებით დიდი ეროვნული გამარჯვების მედროშე
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას შეფასებით, მაქსიმალური კონსოლიდაცია არის დღევანდელ ხელისუფლებასთან დაპირისპირების ყველაზე სწორი გზა.
თუმცა, მისივე თქმით, სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღონ, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება იმ დიდი, ეროვნული გამარჯვების მედროშე, რომელსაც 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი იზეიმებს.
„ბუნებრივია, ვერ ჩავერევი სხვა ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკებებში და კომპეტენციაში, რომ თავიანთი პარტიების ფარგლებში მიაღწიონ შეთანხმებებს. კიდევ ერთხელ შემიძლია, გავიმეორო გზავნილი, რომელიც, მათ შორის, დღეს მოვისმინეთ პრეზიდენტი სააკაშვილისგან, რომელიც იყო მთავარი გამაერთიანებელი და კონსოლიდატორი „ვარდების რევოლუციის“ დროს, რომელმაც მოიტანა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ჩვენი ქვეყნისთვის, არის დღესაც, იქნება მომავალშიც. მეც მიმაჩნია, რომ ნამდვილად მაქსიმალური კონსოლიდაცია არის დღევანდელ ხელისუფლებასთან დაპირისპირების ყველაზე სწორი გზა, თუმცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გავა პირველ ადგილზე, რომ ჩვენ ვიქნებით გამარჯვების ავანგარდში. სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, დიახ, ჩვენ ვიქნებით იმ დიდი ეროვნული გამარჯვების მედროშე, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრის საღამოს ქართველი ხალხი იზეიმებს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის საარჩევნოდ პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მონაწილეობით, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები. დღეს მორიგი შეხვედრა იყო დანიშნული, თუმცა პარტიამ „საქართველოსთვის“ გაავრცელა განცხადება, რომ ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ამასთან, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „გახარიას პარტიასთან ხელმოსაწერად მზად იყვნენ“.