თინა ბოკუჩავა - შუალედურ არჩევნებზე ოპოზიციასთან საუბარი ჯერ არ გვქონია, ერთ წელიწადში სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადავდივართ და ვფიქრობ, გენერალური არჩევნებისთვის უნდა მოვემზადოთ
ორ სამაჟორიტარო ოლქში შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით სხვა ოპოზიციურ პარტიებთან საუბარი ჯერ არ გვქონია. ერთ წელიწადში უქმდება სამაჟორიტარო საარჩევნო სისტემა და გადავდივართ სრულად პროპორციულ არჩევნებზე, ამიტომ მიმაჩნია, რომ იმ რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა მოვემზადოთ გენერალური არჩევნებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, გადაწყვეტილების მიღების დროს მთავარი გათვლა უნდა იყოს სწორედ ის, რომ ერთი წელიც არ იქნება დარჩენილი ქვეყნისთვის გადამწყვეტ არჩევნებამდე, სადაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას უნდა ჩამოაშორონ.
„ორ სამაჟორიტარო, საპარლამენტო ოლქში შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით სხვა ოპოზიციურ პარტიებთან საუბარი ჯერ არ გვქონია. მაშინ როდესაც ერთ წელიწადში უქმდება სამაჟორიტარო საარჩევნო სისტემა და გადავდივართ სრულად პროპორციულ არჩევნებზე, მიმაჩნია, რომ იმ რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ უნდა მოვემზადოთ გენერალური არჩევნებისთვის, რათა ახალი სისტემით, რომელიც ქართველი ხალხის დიდი ბრძოლით ჩვენმა საზოგადოებამ მოიპოვა, აუცილებლად დამარცხდეს „რუსული ოცნება“, რომელიც ამ შუალედურ არჩევნებშიც გამოიყენებს სახელისუფლებო რესურსს, რომ მოპარული ხმებით გაიფორმოს მორიგ ჯერზე სამაჟორიტარო ოლქი. სწორედ ამ წუხილების გამო დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, მათ შორის სამოქალაქო სექტორში, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებაში, მოწოდებები, რომ გადავსულიყავით სრულად პროპორციულ სისტემაზე და ქართველი ხალხის ძალისხმევით ჩვენ ამას მივაღწიეთ. გასაგებია, რომ „რუსული ოცნებას“ განუსაზღვრელი ფინანსური რესურსი აქვს ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩასმული შავი ფულის სახით, რომელსაც ივანიშვილი ყოველდღიურად პარავს ქართველ ხალხს, იქნება ეს ბიტკოინების თუ სხვა მაქინაციური სქემების გამოყენებით. ამიტომ მესმის, რომ ისინი რესურსსზე არ ზრუნავენ. ბუნებრივია, ოპოზიციაში ეს საკითხიც არსებობს, თუმცა, ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენი მთავარი გათვლა უნდა იყოს ის, რომ ერთი წელიც არ იქნება დარჩენილი იმ მომენტამდე, როდესაც უნდა ჩატარდეს გენერალური, მთავარი, ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი და გარდამტეხი არჩევნები, სადაც „რუსული ოცნება“ ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ. ეს არჩევნები იქნება სრულად პროპორციული, და მანკიერი სამაჟორიტარო სისტემა, რომლითაც „რუსული ოცნება“ იტაცებს ქართველი ხალხის ხმებს ყველაზე ეფექტურად, იქნება საერთოდ გაუქმებული“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.