თინა ბოკუჩავა - შეუძლებელია საუბარი დეპოლარიზაციაზე, თუ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მიზანმიმართულად კლავენ და ექიმებს საზღვარგარეთიდან არ აძლევენ მისი მონახულების უფლებას
ჩვენთან შეხვედრაზე თანამომხსენებლებმა ისაუბრეს იმაზე, რომ აუცილებელია გონივრული და დროული გამოსავლის პოვნა სააკაშვილის საკითხზე, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია, მოხდეს დეპოლარიზაცია. ამისთვის ანგარიშში კიდევ ერთხელ არის მოწოდება, რომ უცხოელ ექიმებს მიეცეთ საშუალება, მოინახულონ პრეზიდენტი სააკაშვილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, უცხოელმა ექიმებმა უნდა გააკეთონ შესაბამისი დასკვნები.
„ჩვენთან შეხვედრაშიც თანამომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ევროსაბჭოსთვის უზენაეს დებულებას წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თანამომხსენებლებმა ევროსაბჭოდან ხაზი გაუსვეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ჰუმანიტარულ ბაზაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება. შეუძლებელია დეპოლარიზაციაზე საუბარი, თუ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მიზანმიმართულად კლავენ და არ აძლევენ საზღვარგარეთიდან ექიმებს მისი მონახულების უფლებას. ეს ანგარიში იმასაც ამბობს, რომ ხელისუფლებამ და ოჯახმა მაქსიმალურად უნდა იმუშაონ, რომ მიაღწიონ შეთანხმებას. ოჯახის მხრიდან, ვიცი, რომ არის სრული მზაობა, ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელს დაელაპარაკონ აღნიშნულთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადება გაავრცელეს. სხვა საკითხებთან ერთად, განცხადებაში საუბარია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც. „ბატონი სააკაშვილის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზაცია და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლოს, დაეყრდნოს ნეიტრალურ, სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. მიუკერძოებელი უცხოელი ექიმების დასწრება შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ჩვენ მოვუწოდეთ ხელისუფლებას და სააკაშვილის ოჯახს, სწრფად მიაღწიონ კონსენსუსზე დაფუძნებულ შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფდა უცხოელი ექიმების დაშვებას, რომლებიც სააკაშვილის მკურნალობის დახმარებაში ჩართვისთვის მზად არიან“, – აცხადებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები.