თინა ბოკუჩავა - საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან სამი თვე გავიდა და დღემდე დახმარების სახით არც ერთი თეთრი საქართველოს მოქალაქეებამდე არ მისულა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მიმართ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე კითხვები საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ექნება.
მისივე თქმით, ოპოზიციური ფრაქციის მხრიდან შეკითხვები ასევე შეეხება კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში მოქალაქეებისთვის დახმარების გაცემის საკითხს.
„ჩვენი კითხვები ძირითადად იქნება სიღარიბეზე და სიღარიბის დაძლევის გეგმაზე, რომელიც რეალურად ხელისუფლებას არ აქვს. სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა და დღემდე არც ერთი თეთრი საქართველოს მოქალაქეებამდე დახმარების ფარგლებში არ მისულა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძირითადად სიღარიბეზე, ეკონომიკურ რეცესიაზე, გაჭირვებაზე – სწორედ ამ თემებზე გვექნება კითხვები. ეს არის ასევე ის კითხვები, რომლითაც ჩვენ მივმართეთ პრემიერ-მინისტრს 5 მაისს ინტერპელაციის პროცედურის გათვალისწინებით. იმედია, ის ასევე მობრძანდება კვირის ბოლოს უკვე პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ როდესაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას მას ვალდებულება ჰქონდა მოსულიყო ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში, მან მხოლოდ წარმომადგენელი გამოაგზავნა და მაშინ არ გაგვცა პასუხი კითხვებზე, რომელიც დაგროვდა საზოგადოებაში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად მივა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.