თინა ბოკუჩავა - სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ წარმოიშვა ისეთი ლიდერი, რომელსაც გამაერთიანებლის როლი ექნებოდა, ეს დამაბრკოლებელია საქართველოს მოქალაქისთვის და ევროპელი პარტნიორებისთვისაც
თინა ბოკუჩავა - სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ წარმოიშვა ისეთი ლიდერი, რომელსაც გამაერთიანებლის როლი ექნებოდა, ეს დამაბრკოლებელია საქართველოს მოქალაქისთვის და ევროპელი პარტნიორებისთვისაც

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, მასობრივი აქციები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ ჩაქრეს კერა, არ გაჩნდეს ნიჰილიზმი და შემგუებლობა.

ბოკუჩავას თქმით, ამაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ პოლიტიკოსებს.

„მესმის, რომ ჩვენი მწყობრი და კოორდინირებული მუშაობა ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და აქ ნამდვილად ვისურვებდი, რომ ყოველთვის ერთიანი პოზიციები გვქონდეს, იქნება ეს დაგეგმარების ნაწილი, თუ აღსრულების. ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ყველაფერს, ყოველთვის ყველა პოლიტიკოსი ხმამაღლა არ საუბრობდეს, ამასაც აქვს თავისი მიზეზები რიგ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ საზოგადოება სულისკვეთებას ყოველთვის ძალიან კარგად გრძნობს. წარსულის რევიზიას, მით უმეტეს, ამ გადამწყვეტ მომენტში ნამდვილად არ დავიწყებ, თუმცა იცით, რომ მე პირადად, ისევე როგორც ჩვენი პარტია და პრეზიდენტი სააკაშვილი ვსაუბრობდით ერთიანობის მნიშვნელობაზე, მათ შორის წინასაარჩევნოდ. დღეს რევიზია და მით უმეტეს თითის გაშვერა ამ მოცემულობაში კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, წარვდგეთ მაქსიმალურად ერთიანი სულისკვეთებით, ერთიანი ძალისხმევით, რადგან ეს იქნება მთავარი საფუძველი საზოგადოებრივი კონსოლიდაციის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ „ფორმულას“ ეთერში.

ბოკუჩავას ინფორმაციით, ევროპელ პარტნიორებს აინტერესებთ, ვის ესაუბრონ, ვინ წარმოადგენს ოპოზიციას.

„გულწრფელები რომ ვიყოთ, სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ წარმოიშვა ისეთი ლიდერი, რომელსაც გამაერთიანებლის როლი ექნებოდა და ჩემი აზრით, ეს საქართველოს მოქალაქისთვისაც ერთგვარი დამაბრკოლებელია, ასევე, ღიად უნდა გითხრათ, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვისაც. ისინი მე მეუბნებოდნენ მაგალითად, უკრაინაში ჩვენ რომ ჩავდიოდით, ვიცოდით, ვისთან უნდა გვესაუბრა – ეს იყო იუშენკო და ეს იყო ტიმოშენკო, თქვენს შემთხვევაში, ვის ვესაუბრებით, ვინ წარმოადგენს ოპოზიციას.

ამაზე ვსაუბრობ სწორედ. ამას იყენებს ხელისუფლება. ამიტომ ჩვენ ხომ ცოტა უფრო ფართო სურათში უნდა შევხედოთ ყველაფერს და არა ინდივიდუალურ აქტივობებს, ღონისძიებებს თუ ინიციატივებს, რომელთაგან ყველა ძალიან მნიშვნელოვანია, კარგია და ჩვენ, „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა“ ვიქნებით ყველგან და ყოველთვის, სადაც იქნება პროტესტი ამ არჩევნების მიმართ“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.