თინა ბოკუჩავა - სალომე ზურაბიშვილის, როგორც გამაერთიანებლის აღქმა ვერ მოხდება სააკაშვილის შეწყალების გარეშე
თინა ბოკუჩავა - სალომე ზურაბიშვილის, როგორც გამაერთიანებლის აღქმა ვერ მოხდება სააკაშვილის შეწყალების გარეშე

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას შეფასებით, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი როლი მიმდინარე პროცესებში, რადგან ესეც სწორედ უკავშირდება ერთიანობასთან დაკავშირებულ სურვილებს.

თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი თუ ხდება ის გამაერთიანებელი, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს წინ, აუცილებელია, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველმა შეძლოს მისი აღქმა, როგორც გამაერთიანებლის და ეს ნამდვილად ვერ მოხდება სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილების გარეშე.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს და ამისკენ მიანიშნებენ მათ შორის ევროპელი პარტნიორები. საკუთარი პოზიციონირებით ერთგვარად ის უკვე ამ მიმართულებით მიდის, თუმცა აქაც აუცილებლად უნდა გავაჟღერო პოზიცია, რომელიც ჩემთვის პრინციპულად და ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია და ეს არის პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალების საკითხი. პრეზიდენტი ზურაბიშვილი თუ ხდება ის გამაერთიანებელი, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს წინ და რომელიც ლახავს იმ მძიმე ფრაგმენტაციას, რომელიც, სამწუხაროდ, წარსულში არსებობდა ოპოზიციაში, იმედი მაქვს, ამას ჩვენ წარსულში დავტოვებთ, აუცილებელია, რომ მე პირადად და ჩვენმა ამომრჩეველმა შეძლოს მისი აღქმა, როგორც გამაერთიანებლის და ეს ნამდვილად ვერ მოხდება ამ გადაწყვეტილების გარეშე.

მესმის, რომ მას ჰქონდა პოზიცია და არ მინდა რაიმე პროცესის ფორსირება მოვახდინო ხელოვნურად, მაგრამ ეს ნამდვილად არის საკითხი, რომელიც დგას დღის წესრიგში ჩემთვის, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და იმ ევროპელი პარტნიორებისთვის, რომლებთანაც მე მქონდა შეხვედრები ბრიუსელში. ამ თემას ვაყენებ ყოველთვის, ყველგან და განსაკუთრებით ისეთ აქტორებთან, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ გადამწყვეტი როლი. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ ეს მიმაჩნია იმ ფუნდამენტურ საკითხად, რომლის გადაწყვეტის გარეშეც ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების წარმოების ნორმალიზებაზე საუბარი იქნება რთული და რეალურად შეუძლებელი“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ „ფორმულას“ ეთერში.

მანამდე, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ წარმოიშვა ისეთი ლიდერი, რომელსაც გამაერთიანებლის როლი ექნებოდა და ეს დამაბრკოლებელია საქართველოს მოქალაქისთვის და ევროპელი პარტნიორებისთვისაც“.