თინა ბოკუჩავა - საერთაშორისო პარტნიორებისგან დისტანცირება საქართველოს ყოველდღიურად აზიანებს, სწორედ ამიტომ ბედავს რუსეთი და აშენებს ახალ სამხედრო ბაზას ოკუპირებულ აფხაზეთში
თინა ბოკუჩავა - საერთაშორისო პარტნიორებისგან დისტანცირება საქართველოს ყოველდღიურად აზიანებს, სწორედ ამიტომ ბედავს რუსეთი და აშენებს ახალ სამხედრო ბაზას ოკუპირებულ აფხაზეთში

„ნაციონალური მოძრაობა“ გმობს რუსეთის უკანონო გადაწყვეტილებას ოჩამჩირეში, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მუდმივი საზღვაო ბაზის განთავსების შესახებ. ეს არის საქართველის სუვერენიტეტის უხეში დარღვევა და ემსახურება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის სამხედრო ოკუპაციის გაძლიერებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საბოტაჟით „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აშორებს ქვეყანას სტაბილურ და უსაფრთხო მომავალს ევროპაში. ბოკუჩავას განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებისგან დისტანცირება საქართველოს ყოველდღიურად აზიანებს და სწორედ ამიტომ ბედავს რუსეთი, აშენებს ახალ სამხედრო ბაზას ოკუპირებულ აფხაზეთში.

„საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის მიერ ამ გადაწყვეტილების დაგმობა შეუძლებელია, იყოს საკმარისი, თუ ჩვენ გვსურს, ვიმოქმედოთ, როგორც სახელმწიფომ. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გამოხმაურებისგან დღეს დილამდე თავს ვიკავებდით, რადგან ველოდით საქართველოს მთავრობის რეაქციას. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაქცია არ ყოფილა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არ გამოიყენა ესპანეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი, სადაც ის ამჟამად იმყოფება, რომ რუსეთის ამ უკიდურესად სახიფათო ნაბიჯის შესახებ მთელი ევროპული საზოგადოებისთვის მიემართა. ამიტომაცაა, რომ რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე სერგეი ლავროვმა, მარგარიტა სიმონიანმა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ღარიბაშვილი „მისაღები ქცევისთვის“ შეაქეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს არ გაუკეთებია განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის შემდეგ რუსეთი უფრო და უფრო ხშირად საუბრობს აფხაზეთის ანექსიის შესახებ.

არც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაუვრცელებია რაიმე ტიპის განცხადება. უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის ფონზე, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსება უკიდურეს შეშფოთებას და კონკრეტულ რეაგირებას უნდა იწვევდეს სახელმწიფო უწყებების მხრიდან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ ხედავს ოკუპირებული ტერიტორიების განახლებულ მილიტარიზაციის საფრთხეს, რადგან დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების დევნით და საქართველოს პარტნიორებზე, მათ შორის, შეერთებულ შტატებზე თავდასხმით.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციის დროებითი საპარლამენტო კომისიაც უმოქმედო გახდა მას შემდეგ, რაც უმრავლესობაში „ქართული ოცნებაა“.

განცხადება გაავრცელა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელშიც არაა მოწოდება, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმოს რუსეთის ეს ნაბიჯი. ქართული დიპლომატიის ასეთი პასიური პოზიცია აშკარაა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სამწუხაროდ, უარი თქვა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების აქტიური პოლიტიკის წარმოებაზე. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ღარიბაშვილის სიჩუმეც ამ სახიფათო პოზიციის ნაწილია.

საქართველოში მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაა. ესაა მისი სტაბილური მშვიდობისა და უსაფრთხოების ნამდვილი გარანტია.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საბოტაჟით „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს საქართველოს სტაბილურ და უსაფრთხო მომავალს ევროპაში. საქართველო ასე დაშორებული ევროპისგან არასდროს ყოფილა. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თავსებადობა არის ძალიან დაბალი – 31%, რისი ერთ-ერთი მიზეზიც საერთაშორისო სანქციებზე მიერთებაზე უარის თქმაა.

საერთაშორისო პარტნიორებისგან დისტანცირება საქართველოს ყოველდღიურად აზიანებს. სწორედ ამიტომ ბედავს რუსეთი და აშენებს ახალ სამხედრო ბაზას ოკუპირებულ აფხაზეთში.

საქართველოს უნდა ჰყავდეს მთავრობა, რომელიც შეასრულებს ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას და ქვეყნის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული მომავლის მყარ და სტაბილურ გარანტიას ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციით შექმნის. ესაა მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობაც და გარანტიაც“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნას გეგმავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „შეშფოთებას გამოთქვამთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი ბაზის განლაგებისა და რუსეთის ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ განცხადებებთან დაკავშირებით“.