თინა ბოკუჩავა - სააკაშვილის ექსტრადირებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით უკრაინასა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
როგორც პირველ არხს ბოკუჩავამ განუცხადა, ისევე როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაშიც, ოლიგარქმა გადაწყვიტა, რომ თავის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს კონკურენცია კი არ გაუწიოს, არამედ ის სისხლის სამართლებრივი პროცესების გამოყენებით ჩამოიშოროს.
„საქართველოშიც იგივე ხდება. სააკაშვილის წინააღმდეგ სამი ოლოგარქის ივანიშვილის, პუტინისა და პოროშენკოს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ მის მხარეს სიმართლე და ხალხია. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ბრძოლა გამარჯვებას მოიპოვებს. ივანიშვილს საქართველოში სააკაშვილის ნებისმიერი ფორმით ყოფნის ეშინია და ეს საქართველოსა და ყოფილი შს მინისტრის საუბრიდან გამოჩნდა, რომელიც გომელაურს, მისი წარმოდგენით, უკრაინის შს მინისტრთან ჰქონდა. რაც შეეხება ექსტრადირებას, ამაზე მოლაპარაკებები მიდის და ეს ადამიანები თვლიან, რომ შეუძლიათ პოლიტიკური ოპონენტებით ივაჭრონ, რაც არ გაუვათ. ყველა მოცემულობისთვის მზად ვართ, რადგან დარწმუნებული ვართ იმაში, რომ სიმართლე ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარესაა“, – დასძინა ბოკუჩავამ.
კიევის სააპელაციო სასამართლოში ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა კვლავ გადაიდო. სხდომა 26 იანვარს, ადგილობრივი დროით, დილის 10:00 საათზე გაიმართება.