თინა ბოკუჩავა - რთულად წარმოსადგენია, როგორ უნდა იჯდეს მოლაპარაკებისას მეორე მხარეს ირაკლი ღარიბაშვილი
თინა ბოკუჩავა - რთულად წარმოსადგენია, როგორ უნდა იჯდეს მოლაპარაკებისას მეორე მხარეს ირაკლი ღარიბაშვილი

რაც შეეხება ჩანაწერის ავთენტურობის საკითხს, გავაგზავნოთ ერთობლივად, თუნდაც ტელევიზიამ, არასამთავრობო სექტორმა ან სახალხო დამცველმა გაგზავნოს ჩანაწერები საერთაშორისო ექსპერტიზაზე და მათი ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, გადადგეს ყველა პირი, ვინც იქ მონაწილეობს, პასუხისგებაში მიეცეს მათ შორის ის, ვინც ამ დავალებებს გასცემს და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საერთო პოზიციაზე ჩამოყალიბდება, თუმცა, რთული წარმოსადგენია, მოლაპარაკების მაგიდასთან მეორე მხარეს ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენდეს.

„ოპოზიცია შეიკრიბება, რათა საერთო პოზიციები გვქონდეს ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. ჩემთვის პერსონალურად რთულად წარმოსადგენია, როგორ უნდა იჯდეს მოლაპარაკებისას მეორე მხარეს ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც გუშინ გავრცელებული აუდიოს საფუძველზე, ეჭვმიტანილია უმძიმეს დანაშაულში. ნორმალურ სახელმწიფოში უკვე აღძრული იქნებოდა საქმე ამ ადამიანის წინააღმდეგ ისევე, როგორც სხვა ადამიანის, რომელიც ფიგურირებს ამ ჩანაწერებში, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ გვყავს გამოძიება, რომელსაც მინიმალური სანდოობა აქვს, ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მათ შორის საერთაშორისო აქტორების ჩართვა, საერთაშორისო ექსპერტიზის სახით, რათა დადასტურდეს აღნიშნული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა და ბიძინა ივანიშვილმა სხვა შიკრიკი გამოაგზავნოს მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ ამგვარი რაუნდი შედგა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მედიაციით“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, ოპოზიციას მზაობა აქვს, შეთანხმებას მიაღწიოს.

„ახლა ბურთი მთლიანად არის ხელისუფლების მოედანზე, რადგან პრეზიდენტმა მიშელმა მოლაპარაკების მაგიდაზე დადო კონკრეტული ჩარჩო დოკუმენტი, რომელშიც შედის ექვსი პუნქტი და ოპოზიციას მზაობა აქვს, ექვსივე პუნქტზე მიაღწიოს შეთანხმებას, ამიტომ ივანიშვილი უნდა ჩამოყალიბდეს ახლა, სურს სანქცირებული ოლიგარქების მწკრივში ჩადგომა, რომლებიც უხვად არიან ამ რეგიონში, თუ სურთ, რომ მართლაც მივაღწიოთ მოლაპარაკებას იმ ჩარჩოში, რომელიც შარლ მიშელმა დადო მოლაპარაკების მაგიდაზე. ვადები ნამდვილად შემჭიდროებულია, რადგან თავად პრეზიდენტ მიშელის განცხადება იყო, რომ რაღაც შეთანხმება ამ ჩარჩო დოკუმენტის ფარგლებში უნდა მოხდეს 16 მარტამდე. ამ მოცემულობაში საერთოდ ძალიან გართულდა რამე დემოკრატიულ ნიშანწყალზე და დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღებაზე საუბარი, როდესაც ვხედავთ, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები სავარაუდოდ თავად მოქმედებენ კოორდინირებულად უმძიმესი დანაშაულების ჩასადენად, მაგრამ ჩვენი ვალია, რომ ჩვენ ეს მოლაპარაკებები მივიყვანოთ ბოლომდე, მივაღწიოთ კონკრეტულ შეთანხმებას, შემდეგ ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლებაში მოვიდნენ ნორმალური პოლიტიკური ძალები, რომლებიც მათ შორის ამ დანაშაულსაც გამოიძიებენ. რა თქმა უნდა, ოპოზიციის ვალია განიხილოს საკუთარი რეაგირება ამ ყველაფერთან დაკავშირებით და გავლენა, რაც შეიძლება, ამან იქონიოს მოლაპარაკებებზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკებების ჩაშლას არ აპირებს.

„არავინ მოლაპარაკებებს არ შლის. საკუთარ ქმედებებზე თუ საუბრობენ და წინასწარგანზრახვებს აანონსებენ, ვერ გეტყვით, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკების ჩაშლას არავინ აპირებს. რაც შეეხება ამ ჩანაწერის ავთენტურობის საკითხს, კი ბატონო, გავაგზავნოთ ერთობლივად, თუნდაც ტელევიზიამ ან შეიძლება, არასამთავრობო სექტორმა გააკეთოს ეს, ან სახალხო დამცველმა გაგზავნოს ეს ჩანაწერები საერთაშორისო ექსპერტიზაზე და მათი ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, გადადგეს ყველა პირი, ვინც იქ მონაწილეობს. პასუხისგებაში მიეცეს მათ შორის ის, ვინც ამ დავალებებს გასცემს და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. მისაღებია ეს სამოქმედო გეგმა მათთვის? საინტერესო იქნება მათი პასუხი ამაზე“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.