თინა ბოკუჩავა - ქვეყანას ჰყავს იუსტიციის მინისტრი, რომელიც პარლამენტის სხდომებიდან გარბის
ქვეყანას ჰყავს იუსტიციის მინისტრი, რომელიც პარლამენტის საკომიტეტო სხდომებიდან იმისთვის გარბის, რომ პასუხი კითხვებს არ გასცეს, – ეს განცხადება დიასპორის კომიტეტის დასრულების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მოუსმინეს. სხდომაზე მცირე სიტყვიერი დაპირისპირება თინა ბოკუჩავას დასმულ კითხვებს მოჰყვა.
“ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც პარლამენტში იგინება და იუსტიციის მინისტრი, რომელიც პარლამენტის საკომიტეტო სხდომებიდან გარბის. იპარება, რომ ჟურნალისტების და მოქალაქეების კითხვებს პასუხი არ გასცეს. ორი კონკრეტული მოქალაქე მას იმასთან დაკავშირებით ეკითხებოდნენ, თუ რატომ არ აღასრულებს თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. მათი განაცდურის გამო , რომელიც უკვე 150 ათასი ლარის ოდენობით არის. ყოველდღიურად საქართველოს ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტ ზარალს ნახულობს და ეს სახსრები გაჭირვებულ ადამიანებს აკლდებათ, რომლებზეც “ქართულ ოცნებას” ამ სახსრების მოხმარება შეეძლო”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, თეა წულუკიანს სასამართლო რეფორმად უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე მაღლა დგომა მიაჩნია.
„მოქალაქეებს კითხვის დასმა უნდოდათ და მეტი არაფერი, მაგრამ სამწუხაროდ ამის საშუალება მიეცათ. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შემთხვევები მომავალშიც იქნება, რადგან ეს ორი ადამიანი ორადორი არ არის, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ დააზარალა ასეთი ათასობით და ათიათასობით მოქალაქეა. გვყავს ხელისუფლება, რომელიც განსხვავებული აზრის გაგონების შემთხვევაში, ან იგინება ან საკომიტეტო სხდომიდან იპარება”, – აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.