თინა ბოკუჩავა - ქუთაისში მომხდარი ინციდენტი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის სრულიად ჩამოშლილი
ქუთაისში მომხდარი ინციდენტი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის სრულიად ჩამოშლილი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ქუთაისში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი არის სრულ აგონიაში. მას აღარ დარჩა არანაირი რესურსი, გარდა ძალიან მცირე საბიუჯეტო ორგანიზაციების რესურსისა, სადაც ადამიანები, რომლებიც ქუთაისელების პრობლემებს უნდა აგვარებდნენ და რომელთა ხელფასებს ქუთაისელები საკუთარი ჯიბიდან იხდიან, დადიან და ოფისებს ღებავენ და კვერცხებს ისვრიან. სამარცხვინოა ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის სრულიად ჩამოშლილი და აიპების თანამშრომლების გარდა, გულშემატკივარიც კი აღარ დარჩათ, რომლებიც შეუძლიათ, დაამობილიზონ ოპოზიციის წინააღმდეგ. ნაცვლად ასეთი ტიპის დაპირისპირების,ა რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს საბიუჯეტო ორგანიზაციების გამოყენებით, ერთადერთი კეთილგონიერი ნაბიჯი, რაც მას ახლა დარჩენია, სანამ გადააბარებს ხელისუფლებას, არის ის, რომ მიაღებინოს მონამორჩილებს პარლამენტში საკონსტიტუციო ან საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლებიც მოგვცემს იმავე შედეგს, რასაც მოგვცემდა საკონსტიტუციო ცვლილებები და ეს არის სამართლიანი საარჩევნო სისტემა. ჩვენ ვითხოვთ ერთადერთს, ეს არის ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილების შესაძლებლობა დემოკრატიული არჩევნების მეშვეობით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის ოფისებს კვერცხები და ცოცხები ესროლეს.