თინა ბოკუჩავა - ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს აირჩევს ევროპას და არა რუსეთს, კეთილდღეობას და არა სიღარიბეს, ერთიანობას და არა დანაწევრებას
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტისადმი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გაგზავნილი წერილი, რომელშიც ის მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მნიშვნელოვანია იმით, რომ შვიდი აგვისტოთი თარიღდება.
როგორც ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მთელი მსოფლიო ერთმნიშვნელოვნად თანხმდება, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტია და ნებისმიერი ალტერნატიული ნარატივის პროპაგანდა საქართველოს ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობაა და ვლადიმერ პუტინის ინტერესშია.
„ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლება ვერ გადაწერს საქართველოს უახლეს ისტორიას რუსული ნარატივის განსამტკიცებლად და რუსული კანონის მიღებით ვერ წაგვართმევს მომავალს, რომელიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, ევროპული იქნება. ამის გარანტი არის ქართველი ხალხი, რომელიც, მჯერა, 26 ოქტომბერს აირჩევს ევროპას და არა რუსეთს, აირჩევს კეთილდღეობას და არა ივანიშვილის მიერ მოტანილ სიღარიბეს, აირჩევს ერთიანობას და არა დანაწევრებას, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს საქართველოს მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.