თინა ბოკუჩავა - „ქართული ოცნების“ სხვა წევრები ბიძინა ივანიშვილისგან იღებენ მაგალითს და არ ერიდებიან ყველაზე ბინძური მეთოდებით საკუთარი აზრის გამოხატვას
ივანიშვილი იყენებს ყველაზე ბინძურ მეთოდებს, რომ ებრძოლოს ნებისმიერ განსხვავებულ აზრს, მათ შორის საკუთარ ყოფილ თანაგუნდელებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა დღეს დეპუტატებს, ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ სხვა წევრები მაგალითს პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისგან იღებენ.
„ბუნებრივია, რომ „ქართული ოცნების“ სხვა წევრები შემდეგ სწორედ ბიძინა ივანიშვილისგან იღებენ მაგალითს და ისინიც არ ერიდებიან ყველაზე ბინძური მეთოდებით საკუთარი აზრის გამოხატვას. რაც ხდება ზოგადად კომიტეტზე, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და ტრაგედია, რადგან ვხედავთ, როგორ აპირებს ბიძინა ივანიშვილი, რომ სასამართლო ხელისუფლება უვადოდ დაიმორჩილოს, სრულიად მიკერძოებულ მონურ მორჩილებაში მყოფ მოსამართლეებს, ამ ადამიანებმა უნდა განსაზღვრონ სამართალი მომავალი 30 წლის განმავლობაში, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია და ამაზე უნდა იყოს დღეს კონცენტრირებული მმართველი გუნდი, ნაცვლად იმისა, რომ სამარცხვინო ქმედებებში მონაწილეობდეს, როგორც დღეს ვიხილეთ კომიტეტზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მირანდა ერემაძეს უსმენდნენ, დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.