თინა ბოკუჩავა - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ოკუპანტი სახელმწიფოსთვის პირების გადაცემა პრაქტიკად ჩამოყალიბდა
თინა ბოკუჩავა - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ოკუპანტი სახელმწიფოსთვის პირების გადაცემა პრაქტიკად ჩამოყალიბდა

ოპოზიციონერი დეპუტატის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ოკუპანტი სახელმწიფოსთვის პირების გადაცემა პრაქტიკად ჩამოყალიბდა.

საქართველოს პირველ არხთან საუბარში თინა ბოკუჩავა ჰაკერ იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირებას გამოეხმაურა.

„საინტერესოა, თეა წულუკიანმა პუტინის რეჟიმისგან სუმბაევის ექსტრადირების შემთხვევაშიც თუ მიიღო პირობა, რომ მისი უფლებების დარღვევა არ მოხდება. იუსტიციის მინისტრის ასეთი განცხადებები სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ოკუპანტი სახელმწიფოსთვის პირების გადაცემა პრაქტიკად ჩამოყალიბდა. ეს იმის მტკიცებაა, რომ ეს რეჟიმი პუტინთან თანამშრომლობს და არ ესმის, პუტინის რუსეთი არა მხოლოდ საქართველოსთვის არის საფრთხე, მას ასე აღიქვამს ცივილიზებული სამყარო“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

იაროსლავ სუმბაევი თბილისში 2018 წლის ნოემბერში დააკავეს.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს სუმბაევის გადაცემის მოთხოვნით 2018 წლის 13 ნოემბერს მიმართა. მას ბრალად თაღლითური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოდან რუსეთში ჰაკერ იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირება განხორციელდა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ სუმბაევის ექსტრადირების შეჩერება მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რასაც შესაბამისი წერილიც ადასტურებს.