თინა ბოკუჩავა - პრეზიდენტის განცხადება იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმ საზოგადოებრივი კონსოლიდაციისთვის, რომელიც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება, რათა არ დავთმოთ ჩვენი გამარჯვება
ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება, რომ არჩევნებზე ადგილი ჰქონდა უპრეცედენტო გაყალბებას და ის არ აღიარებს გაყალბებული არჩევნების შედეგებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განუცხადა.
„საქართველოში დარჩენილია ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ვერ მიიტაცა ივანიშვილმა. ეს არის პრეზიდენტი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება, რომ გუშინდელ არჩევნებზე ადგილი ჰქონდა უპრეცედენტო გაყალბებას და ის არ აღიარებს გაყალბებული არჩევნების შედეგებს. ამ შედეგების აღიარება ნიშნავს ქვეყნის გარუსების აღიარებას. ქართველმა ხალხმა გააკეთა ევროპული არჩევანი, გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა, მაგრამ ეს გამარჯვება ივანიშვილმა ქართველ ხალხს მოჰპარა რუსული სპეცოპერაციის გამოყენებით, რაზეც ღიად საუბრობენ, მაგალითად, აშშ-ის კონგრესში. დღევანდელი განცხადება იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმ საზოგადოებრივი კონსოლიდაციისთვის, რომელიც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება, რათა არ დავთმოთ ჩვენი გამარჯვება და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ შევა.
„აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ. ენმ-მ გუშინვე გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ გაყალბებული არჩევნების შედეგებს. ბუნებრივია, ეს გულისხმობს იმას, რომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ არ შევა პარლამენტში, რომლის ფორმირების მცდელობა ივანიშვილს, შესაძლოა, ჰქონდეს, თუმცა ვფიქრობ, ესეც დამოკიდებულია ჩვენს აქტიურობაზე. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მხოლოდ გამარჯვებისთვის და იმისთვის, რომ ქვეყანას დავუბრუნოთ ევროპული არჩევანი“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და სამ ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად აქციებს აანონსებს.