თინა ბოკუჩავა - პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება მნიშვნელოვანია პოლიტიკური დეპოლარიზაციისთვის, რაც აუცილებელი წინაპირობაა ევროინტეგრაციის გზაზე
ევროპარლამენტმა ანგარიში მიიღო, რომელიც ხაზს უსვამს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მნიშვნელობას და პირდაპირ მოუწოდებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების საკონსტიტუციო ბერკეტი და შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავამ კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებაზე, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება მნიშვნელოვანია პოლიტიკური დეპოლარიზაციისთვის, რაც აუცილებელი წინაპირობაა ევროინტეგრაციის გზაზე და ცხრა დათქმის ინტეგრალური ნაწილია.
„პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი კვლავ ევროპული პოლიტიკის ფოკუსშია. გუშინ ევროპარლამენტმა მიიღო ანგარიში, რომელიც ხაზს უსვამს პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების მნიშვნელობას და პირდაპირ მოუწოდებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების საკონსტიტუციო ბერკეტი და შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი. ევროპარლამენტის მოწოდებაში პრეზიდენტი ზურაბიშვილის მიმართ აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლება მნიშვნელოვანია პოლიტიკური დეპოლარიზაციისთვის, რაც თავისთავად აუცილებელი წინაპირობაა ევროინტეგრაციის გზაზე და ცხრა დათქმის ინტეგრალური ნაწილია. ანგარიშს, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მომზადებულია, მხარს უჭერს სამასამდე ევროპარლამენტარი ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან, იქნება ეს ევროპის სახალხო პარტია თუ ევროპული სოციალისტები. ევროპის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიმართვა პრეზიდენტ ზურაბიშვილზე პირველი არ არის, ამას გარდა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ასევე, პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით მიმართა პრეზიდენტ ზურაბიშვილს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდება გაჟღერებული აქვს მსოფლიოს მრავალ ლიდერს, იქნება ეს საფრანგეთის პრეზიდენტი თუ ევროპარლამენტის პრეზიდენტი“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, სააკაშვილის პატიმრობა არის ისტორიული უსამართლობა.
„გუშინ ლონდონში, დისკუსიაზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა პრეზიდენტ სააკაშვილის შესახებ აუდიტორიისგან დასმულ კითხვაზე პასუხად, რომ შეწყალება მორალური საკითხია და მისი პირადი გადაწყვეტილებაა. თითოეულ ადამიანს თავისი პირადი მორალური კოდექსი აქვს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ისტორიული, ეროვნული და ევროპული მომავლის ლოგიკა მოითხოვს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას. მრავალგზის მითქვამს და გავიმეორებ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ტყვეობა არის ისტორიული უსამართლობა და ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დასრულდეს. პრეზიდენტ ზურაბიშვილმა გუშინდელ გამოსვლაში ასევე თქვა, რომ ხელისუფლებას აქვს უფლებამოსილება, შეცვალოს პრეზიდენტ სააკაშვილის აღმკვეთი ღონისძიება სამაჯურით ან შინაპატიმრობით, ან გამოიყენოს ექსტრადიციის პროცედურა, მაგრამ ივანიშვილის პირობებში ეს შეუძლებელია, რადგან ივანიშვილი უსმენს მოსკოვს და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ევროპისკენ მიმავალ ქართველ ხალხს შეუძლია აჩვენოს, რომ ის უსმენს ევროპას, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დგება მომენტი, რომელიც მოითხოვს ყოველგვარი პოლიტიკური თუ პიროვნული განსხვავებების ნიველირებას ერთი საერთო ეროვნული მიზნის ინტერესით, ასეთი მომენტია საქართველოსთვის ახლა, როცა გაჩნდა ისტორიული უნიკალური შესაძლებლობა ევროინტეგრაციის გზაზე და ამ გზაზე გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის სწორედ საქართველოს პრეზიდენტს. მე მჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, რომ ეს სიტყვა ევროპული იყოს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.