თინა ბოკუჩავა - პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება მოხდა, რასაც მკაცრი რეაგირება მოჰყვება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას დიპლომატებს მიაწვდიან და იმედი აქვს, მას მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
„აქციიდან მცირეოდენი დროით გადმოვედი, რომ დიპლომატებს ვუთხრათ, რა საფრთხეებია ხელისუფლების ამ მოქმედებაში. მათ ჩვენი აზრი გავუზიაროთ. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება ამ ყველაფერს, რადგან რასაც დღეს ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, ეს არ არის დემოკრატიული ხელისუფლების ქმედებები, როდესაც მშვიდობიან დემონსტრანტებს ებრძვის ასეთი ფორმებით. ვიხილეთ, ევროკავშირის და ამერიკის საელჩოს, ასევე, სახალხო დამცველის განცხადება. ყველაფერი ძალიან ნათელი და ცალსახაა. სიმართლე ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების მხარესაა და ამიტომ, ივანიშვილს მხოლოდ ძალადობა დარჩა, ძალადობის გზით გადაწყვიტა წასვლა“ ,- აღნიშნა თინა ბოკუჩავამ და აქვე დასძინა, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება მოხდა.
„როდესაც მშვიდობიან აქციას ასეთი ფორმით ესხმი თავს, რა თქმა უნდა, ძალის გადამეტებაა“ ,- განაცხადა ბოკუჩავამ.
საკონსულტაციო საბჭოში შემავალი ოპოზიცია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ დიპლომატიურ კორპუსს ხვდება და პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციას აწვდის.