თინა ბოკუჩავა - პარლამენტში იმგვარი ინიციატივების შემოტანაა საჭირო, რომლებიც ებრძვის ფასების ზრდას, უმუშევრობას, საუბრობენ ყველაფერზე, გარდა იმისა, რაც აქტუალური და პრობლემურია
პარლამენტში იმგვარი ინიციატივების შემოტანაა საჭირო, რომლებიც ებრძვის ფასების ზრდას, უმუშევრობას, უპერსპექტივობას. საუბრობენ ყველაფერზე, გარდა იმისა, რაც აქტუალური და პრობლემურია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.
„საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას აღელვებს გაზრდილი ფასები, სიღარიბე, უმუშევრობა, უპერსპექტივობა. პრაქტიკულად, ოჯახი არ არის დარჩენილი საქართველოში, საიდანაც ოჯახის წევრი ან წასული არ არის საზღვარგარეთ სამუშაოდ, ან არ განიხილავს ამ პერსპექტივას უმუშევრობისა და სიდუხჭირის გამო, რომელშიც ივანიშვილის 12-წლიანმა მმართველობამ შეიყვანა ქვეყანა. ეს არის რეალური პრობლემები, რაზეც უნდა საუბრობდეს, ზრუნავდეს და რის გადაჭრასაც უნდა ცდილობდეს ივანიშვილის პარტია. ნაცვლად ამისა, ამ უმნიშვნელოვანესი თემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას ვხედავთ. გამარჯვების კოალიციისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ მთავარია ამ პრობლემების მოგვარება, ამაზე საუბარი და ერთობლივად გზების მოძებნა, რათა გადაიჭრას პრობლემები, რომლის წინაშეც საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა დგას.
პარლამენტში იმგვარი ინიციატივების შემოტანაა საჭირო, რომლებიც ებრძვის ფასების ზრდას, უმუშევრობას, უპერსპექტივობას. ეკონომიკური რეფორმები, რომელიც გაწმენდს სისტემას კორუფციისგან და რომელიც უზრუნველყოფს, რომ მხოლოდ ივანიშვილის პარტიის ინტერესში კი არ მუშაობდეს ეკონომიკა, არამედ საქართველოს მოქალაქის ინტერესში. იზრუნონ პენსიების ზრდაზე, ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების პერსპექტივის გაჩენაზე. ისინი საუბრობენ ყველაფერზე, გარდა იმისა, რაც აქტუალური და პრობლემურია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.