თინა ბოკუჩავა შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართავს, სამ ჟურნალისტსა და მათ ოპერატორებს პარლამენტში საქმიანობის უფლება აღუდგეთ
„ნაციონალუტრი მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართავს, სამ ჟურნალისტსა და მათ ოპერატორებს პარლამენტში საქმიანობის უფლება აღუდგეთ.
ბოკუჩავა ასევე მიმართავს სხვა პოლიტიკური პარტიების და უმრავლესობის წარმომადგენლებს, ხელი მოაწერონ აღნიშნულ წერილს.
როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეწყვეტა უკანონო და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა.
„დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში საქმიანობის განხორციელების უფლება აღუდგეთ. წლების განმავლობაში ეს ადამიანები პარლამენტში მუშაობენ, მათ შორის მაშინ, როდესაც ელისო ბოლქვაძე და „ქართული ოცნების“ ბევრი სხვა წარმომადგენელი პარლამენტში საერთოდ არ იყო. დარწმუნებული ვარ, მედიის წარმომადგენლებიც ხართ სოლიდარული და გამოხატავთ სოლიდარობას. პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალური წერილით მივმართავთ, რომ სამ ჟურნალისტსა და მათ ოპერატორებს უფლებამოსილება დაუყოვნებლივ აღუდგეთ.
მივმართავ სხვა პოლიტიკური პარტიების და უმრავლესობის წარმომადგენლებს, ხელი მოაწერონ აღნიშნულ წერილს. ეს არის უკანონო და დისკრიმინაციული გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული მედიის გაჩუმებას. კრიტიკულ მედიას ამგვარი რეპრესიებით ხელისუფლება ვერ გააჩუმებს, თავად კი კიდევ უფრო მიუახლოვდება დასავლეთის გადაწყვეტილებებს, სანქციები გაფართოვდეს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.