თინა ბოკუჩავა - ოპოზიცია არის აღჭურვილი ქართველი ხალხის ნებით და ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის და სადამკვირვებლო მისიის დასკვნა მათთვის ძალიან მნიშვნელივანია.
მისივე თქმით, ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელის პოზიციაა, რომ არჩევნების ლეგიტიმაციას და ვალიდურობას ადგენს ქართველი ხალხი.
თინა ბოკუჩავას განმარტებით, ქართველი ხალხის ნებას კი გამოხატავს ოპოზიცია, რომელიც არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
„ძალიან მადლობელი ვართ, რომ პანდემიის პირობებშიც კი ჰყავდათ წარმომადგენლები საქართველოში და შეძლეს, დაეწერათ ამგვარი ანგარიშები, რაც ასახავს ყველა იმ დარღვევას, რომელიც საარჩევნო პროცესის თანმდევი იყო. ჩვენ ასევე შევხვდით ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელს, რომელმაც თქვა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ არჩევნების ლეგიტიმაციას და ვალიდურობას ადგენს მხოლოდ ქართველი ხალხი, ხელისუფლება ტყუილად ცდილობს, ფარად აიფაროს და არასწორი ინტერპრეტირება მისცეს გარკვეულ ანგარიშებს. ოპოზიცია არის აღჭურვილი ქართველი ხალხის ნებით და ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
გარდა ამისა, ბოკუჩავამ ისაუბრა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებითაც. მისი განცხადებით, პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნას აპირებდა, თუმცა უკან დაიხია.
მისივე თქმით, ნიკა მელიას არც ერთი მოქმედების არ ეშინია. ბოკუჩავა ამბობს, რომ ბრძოლა დასრულდება გამარჯვებით, რაც ახალ არჩევნებში გამოიხატება.
„ეს არის შეშინებული ივანიშვილის აგონიური მოქმედებები. სულ რამდენიმე წუთში უკან დაიხია პროკურატურამ, რადგან თავიდან ისინი, თითქოს, შევიდნენ პატიმრობის მოთხოვნით. რამდენიმე წუთში შეცვალეს ჩვენება, რადგან ეს არ არის დამოუკიდებელი უწყებების გადაწყვეტილება, ეს არის პანიკაში მყოფი ივანიშვილის უმეცარი დავალებები სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, რომლებიც მონური მორჩილებით ასრულებენ აბსოლუტურად ყველა დავალებას. არც ნიკა მელიას, არც ნებისმიერ ჩვენგანს, რომელიც არის ამ ბრძოლაში, არ ეშინია არც ერთი მოქმედების, რაც შეიძლება განახორციელოს ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენ ეს გვაძლევს მეტ ენერგიას და მეტ დარწმუნებას იმაში, რომ ჩვენ ვართ მართლები და ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულება გამარჯვებით, ეს გამარჯვება იქნება ახალი არჩევნები“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.