თინა ბოკუჩავა - ნორმალურ ქვეყანაში გიორგი გახარიას კითხვას ბრალდებულის სკამზე უნდა უსვამდნენ 
თინა ბოკუჩავა - ნორმალურ ქვეყანაში გიორგი გახარიას კითხვას ბრალდებულის სკამზე უნდა უსვამდნენ 

ვიზიარებ ჩემი კოლეგის, სალომე სამადაშვილის მოსაზრებას, რომ ნორმალურ ქვეყანაში ჩვენ გიორგი გახარიას პარლამენტში კითხვებს არ უნდა ვუსვამდეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ ფრაქციის სხდომაზე განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს ხვდებიან.

ბოკუჩავას შეფასებით, ნორმალურ ქვეყანაში გიორგი გახარიას კითხვას ბრალდებულის სკამზე უნდა უსვამდნენ.

„ჩვენ არ გვაქვს ნორმალური ქვეყანა, ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ ქვეყანა წაგვართვა. აღარ გვაქვს სახელმწიფო, აღარ არსებობს გამოძიება, აღარ არსებობს სასამართლო, აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო რგოლი არის ბიძინა ივანიშვილის მონა მორჩილებაში და სწორედ ამიტომ, ჩვენ გვიწევს ჯალათ გიორგი გახარიას პარლამენტის ტრიბუნიდან დავუსვათ ის კითხვები, რაც საზოგადოებაში არსებობს“, – აღნიშნა დეპუტატმა.

თინა ბოკუჩავამ გახარიას ჰკითხა, რას გრძნობს, როდესაც ხალხი სკანდირებს იმას, რაც ისმოდა კლიპში, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფრაქციის სხდომაზე აჩვენა.

„პირველ რიგში, მინდა, გკითხოთ, თუ მოუსმინეთ ამ ვიდეო რგოლის კითხვებს და ადამიანურად მაინტერესებს, თქვენ რას გრძნობთ, როდესაც მთელი ქვეყანა სკანდირებს, რომ გახარიას უხარია, როდესაც ბავშვებს თვალებს თხრიან. რას გრძნობთ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რას გრძნობთ, როგორც ადამიანი. ალბათ არაფერს, იმდენად მონურ მორჩილებაში ბრძანდებით ბიძინა ივანიშვილის. ასევე მაინტერესებს ამხანაგო გახარია, რატომ არ გააფრთხილეთ მოქალაქეები, როდესაც დაიწყეთ სისხლიანი დარბევა 20 ივნისს, როგორც ამას გავალდებულებთ კანონი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დეპუტატმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ჰკითხა, მან გასცა თუ არა აქციის დარბევის ბრძანება.

„თქვენ გაეცით თუ არა სისხლიანი დარბევის ბრძანება, რადგან თქვენ აქ ბრძანდებოდით, ამ შენობაში, თავად გიხილეთ და საკმაოდ განერვიულებული იყავით ნამდვილად. თუ თქვენი გვერდის ავლით მოხდა ბრძანების გაცემა, თუ ანზორ ჩუბინიძემ გასცა ბრძანება ბიძინა ივანიშვილის დავალებით და თქვენ დაგტოვათ თამაშს გარეთ, რატომ გამოიყენეთ საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული ტყვიები, რატომ იყო საერთოდ აღრიცხვაში ეს ტყვიები, რომლებიც ადამიანებზე არ გამოიყენება. ისინი მხოლოდ ცხოველებზე გამოიყენება, თუ ცხოველებად აღიქვამთ საკუთარ მოქალაქეებს, ახალგაზრდებს, რომლებიც 20 ივნისს იდგნენ იმისთვის, რომ დაეცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება და თავისუფლება. იდგნენ იმისთვის, რომ დღეს იქ, სადაც რომან გოცირიძე ზის, გავრილოვი არ მჯდარიყო, რომელიც არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

ამასთან, ბოკუჩავამ იკითხა, რატომ ესროდნენ პოლიციელები ადამიანებს დამიზნებით, რატომ ესროდნენ სახისა და თავის არეში.

„რატომ გამოიყენეთ ცრემლსადენი გაზი მაშინ, როდესაც ოპოზიცია აპირებდა თქვენთან მოლაპარაკებებზე წამოსვლას, რის შესახებაც თქვენ თავად შეუთვალეთ. გავეშებული რატომ დასდევდით ცალკეულ ადამიანებს ქუჩებში, სკვერებში ბავშვებს, ადამიანებს, ახალგაზრდებს, რომლებსაც არანაირი საფრთხე არ შეიძლებოდა ჰქონოდათ არც პოლიციელის მიმართ, არც სახელმწიფოს მიმართ, როდესაც არანაირი ილუზორული, თეორიული საფრთხეც კი არ არსებობდა იმ ვითომ გადატრიალების, რომელიც თქვენ შეთხზეთ, მთელი ეს ისტორია, ამ ვითომ გადატრიალების. რატომ ვერ წარმოადგინეთ ბატონო გიორგი გახარია ვერანაირი მტკიცებულება, თუ მხოლოდ ის ფაქტი, რომ მე და რომან გოცირიძემ თურმე საშვები დავუშვით 20 ივნისის ღამეს, საკმარისია ამ აბსურდული ბრალდებისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, მისი თქმით, გიორგი გახარია ნომინალური პრემიერ-მინისტრი იქნება.

„როგორ არ გრცხვენიათ, რომ თავისუფლების მოსურნე ახალგაზრდები ციხეში ჩაყარეთ, თქვენი ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, რომელიც დავით კირკიტაძეზე გამოიყენეთ, ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრობის რანგში. აი რას გიფასებთ ივანიშვილი, რატომ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის მთავარი ჯალათი გახდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მართალია, მაინც ნომინალური პრემიერ-მინისტრი, რადგან თქვენც ზუსტად ისე გაგისტუმრებთ ივანიშვილი, როგორც გაისტუმრა თქვენს რიგებში მჯდომი ჰაკიმ ფაშა ერთი ტელეფონის ზარით მაია ცქიტიშვილთან, რომელიც ასევე გვერდით გიზით, ისე, რომ ბატონმა ჰაკიმ ფაშამ არც კი იცოდა ამის შესახებ. მერწმუნეთ, თქვენც ასეთივე ნომინალური პრემიერი იქნებით, რომელსაც არანაირი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება ივანიშვილის გარეშე არ გააჩნია.  რატომ ჩაყარეთ ციხეში, თქვენი ტერმინით რომ ვისაუბროთ, ახალგაზრდები, რომლებიც იცავდნენ საქართველოს ღირსებას კრემლის დავალებით.  დიახ კრემლის დავალებით, რადგან სწორედ სერგეი გავრილოვი და სწორედ კრემლი ითხოვდა პროტესტანტების დასჯას და თქვენ ეს მოთხოვნა შეასრულეთ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

დეპუტატმა მალხაზ მაჩალიკაშვილზე, ასევე ია კერზაიაზე ისაუბრა.

„როგორ უყურებთ საკუთარ შვილებს თვალებში ბატონო გახარია, როცა იცით, რომ თქვენი გადაწყვეტილების გამო სხვა მშობლებს ეს ბედნიერება სამუდამოდ წაართვით. რატომ აფურთხებთ სულში ყოველ დღე მალხაზ მაჩალიკაშვილს, როცა ხელს აფარებთ პოლიციურ დანაშაულს და თითხნით ბინძურ ბრალდებებს თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ. რატომ არ იძიებთ ია კერზაიას მკვლელობას, იმიტომ ხომ არა, რომ თავად ხართ „დანოშიკი” ლავრენტი ქირია, რომლის ანონიმურმა წერილმა და შემდგომმა მოქმედებებმა ია კერზაია, სკოლის დირექტორი, პატრიოტი, პატიოსანი ადამიანი, რომელსაც უბრალოდ არ სურდა მოღალატე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვა, სიკვდილამდე მიიყვანეთ. ეს ყველაფერი 37-იან წლებს მაგონებს“, – განაცხადა დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ ფრაქციის სხდომაზე.