თინა ბოკუჩავა - ნინო ლომჯარია ნამდვილად მაღალი ხარისხის პროფესიონალია
თინა ბოკუჩავა - ნინო ლომჯარია ნამდვილად მაღალი ხარისხის პროფესიონალია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოკლე მეხსიერება აქვს.

ბოკუჩავა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელიც წლების წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე იყო, პროფესიონალი ადამიანია.

„ყველა სიკეთესთან ერთად, ძალიან მოკლე მეხსიერება ჰქონია ქალბატონ წულუკიანს. სახალხო დამცველს ჩემი დაცვა ნამდვილად არ სჭირდება, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ნინო ლომჯარია იყო „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე წულუკიანის ოპოზიციაში ყოფნის დროს და ის ძალიან მწვავე, კრიტიკულ და ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა იმდროინდელი ხელისუფლების მიმართ. ეს ადამიანი ნამდვილად მაღალი ხარისხის პროფესიონალია და სამარცხვინოა, წულუკიანის მხრიდან ასეთი მოკლე მეხსიერება. თუმცა ყველაფერს კადრულობენ რეჟიმის მსახურნი ახლა, რეჟიმის ბოლო დღეებში, როდესაც მისი პოლიტიკური დღეები დათვლილია, რომ რამენაირად შეინარჩუნონ ძალაუფლება, მაგრამ ამით კარგავენ როგორც პოლიტიკურ, ისე პიროვნულ სახეს“, – განაცხადა დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დღეს სახალხო დამცველის მოხსენება მოისმინეს, რომელიც N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე სპეციალურ ანგარიშს ეხება. ანგარიშში ასახულ საკითხებზე კი, კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ისაუბრა.