თინა ბოკუჩავა - ნიკა მელია თუ პრივილეგიად მიიჩნევს იმ ლანძღვა-გინებასა და მუშტი-კრივს, რომელსაც პარლამენტში ვიტანთ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად, ძალიან უცნაური წარმოდგენები ჰქონია
ნიკა მელია თუ პრივილეგიად მიიჩნევს იმ ლანძღვა-გინებასა და მუშტი-კრივს, რომელსაც პარლამენტში ვიტანთ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად, ძალიან უცნაური წარმოდგენები ჰქონია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, სტატუსამდე ერთი კვირა არის დარჩენილი და რუსული ოცნება პროპაგანდირებს, თითქოსდა დასავლური ოპოზიცია რადიკალური ოპოზიციაა, მათთვის დამატებითი საბაბის მიცემა ამ ნარატივის გახმოვანებისთვის უკიდურესად არაგონივრულია.
„ვისურვებდი, რომ ამ ისტორიულ მომენტში მეტი გონიერება გვქონდეს თუნდაც ერთმანეთის კრიტიკისას. ხატია დეკანოიძე ცოტა ხნის წინ ამ ფრაქციის თავმჯდომარე იყო და მისგან ძალიან უცნაურია ბრალდებების გახმოვანება“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ ოპოზიციას პარლამენტში უწევს ერთადერთი ფუნქციის შესრულება – პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის“. „მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ ეს ყველაფერი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს“, – დაწერა ნიკა მელიამ.