თინა ბოკუჩავა - ნათია კაპანაძეს, როგორც დამოუკიდებელ მენეჯერს, „ნაციონალური მოძრაობა“ სრულ მხარდაჭერას უცხადებდა
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მრჩეველთა საბჭოს მიერ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის გადაყენება მაუწყებლებზე პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, კაპანაძის გადაყენების ერთ-ერთი ინიციატორი „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით არჩეული პირიც იყო, მას მიმართა პარტიამ, მაგრამ იგი ზეწოლასა და წნეხის მსხვერპლი აღმოჩნდა.
„ბიძინა ივანიშვილის ცდილობს, ხელში ჩაიგდოს ყველა ტელევიზია და ნათია კაპანაძე ამ რეპრესიების მსხვერპლია. ეს ადამიანი მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ აჭარის მაუწყებლობას დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა ჰქონოდა.
ბიძინა ივანიშვილისთვის სწორედ ეს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკაა მიუღებელი, რადგან მას სურს, ყველა მაუწყებელმა მხოლოდ მისეული საქართველო წარმოაჩინოს და მოსახლეობა ილუზიასა და ტყუილში აცხოვროს. სამწუხაროდ, ის ადამიანი, რომელიც არჩეული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით, ამ რეპრესიების ნაწილი გახდა. ჩვენი განცხადებით ამ ადამიანს მივმართეთ, რომ რეპრესიების ნაწილი ნუ გახდებოდა და პოლიტიკურ დაკვეთაზე მაღლა დამდგარიყო, მაგრამ ზეწოლისა და წნეხის მსხვერპლი იყო. მან სრულიად მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ნათია კაპანაძეს, როგორც დამოუკიდებელ მენეჯერს, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებდით“, – აღნიშან თინა ბოკუჩავამ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან დღეს გადააყენეს. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მიიღო. საბჭოს ოთხმა წევრმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი წავიდა. ნათია კაპანაძის გადაყენების თხოვნით მრჩეველთა საბჭოს ირაკლი დარცმელიძემ („ნაციონალური მოძრაობის“ კვოტა) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნების“ კვოტა) მიმართეს.