თინა ბოკუჩავა - „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შეძლებს შესვლას მხოლოდ მას შემდეგ, რაც გათავისუფლდება ნიკა მელია, ამ პოზიციიდან გადახვევას პარტიის არც ერთი წევრი არ აპირებს
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შეძლებს შესვლას მხოლოდ მას შემდეგ, რაც გათავისუფლდება ნიკა მელია. ეს არის ჩვენი პოლიტიკური, მორალური და ადამიანური პოზიცია, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პოზიციიდან გადახვევას პარტიის არც ერთი წევრი არ აპირებს.
„ანალოგიური შედეგის მიღება, რაც სურთ ხელმომწერებს რომ მიიღონ ამნისტიით, ამის მიღწევა შესაძლებელია, თუ არის პოლიტიკური ნება, რადგან ძალიან მარტივად ამ დავალებას მისცემდნენ პროკურატურას, რომელიც არის მთლიანად „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის ხელში. ამიტომ ამის სამართლებრივი მექანიზმები არსებობს, მათ შორის – აღკვეთის ღონისძიების გარეშე ნიკა მელიას გათავისუფლება მყისიერად და შემდეგ უკვე ბრალის მოხსნა, რაც იქნება იმ ანალოგიური მეთოდის მიღწევა, რასაც ამნისტიით ცდილობენ ახლა. ეს არ იქნება ბუნებრივია შეთანხმების დარღვევა, რადგან ძალიან კარგად გვახსოვს ეს კონკრეტული ფორმულირება ამ შეთანხმებაში. არაერთხელ ვთქვით და ეს პოზიცია საზოგადოებისთვის არის ცნობილი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შეძლებს შესვლას მხოლოდ მას შემდეგ, რაც გათავისუფლდება ნიკა მელია. ეს არის ჩვენი პოლიტიკური, მორალური და ადამიანური პოზიცია და აქედან გადახვევას პარტიის არც ერთი წევრი არ აპირებს“, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აქვე გამოეხმაურა შეწყალების შედეგად მსჯავრდებულ გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხს და აღნიშნული დაგვიანებულ ნაბიჯად შეაფასა.
„რურუას გათავისუფლების ვალდებულება ივანიშვილის რეჟიმს ჰქონდა ჯერ კიდევ 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში. ამიტომ, ეს არის დაგვიანებული ნაბიჯი მათი მხრიდან, თუმცა ძალიან სასიხარულოა, რომ მოხდა რურუას გათავისუფლება. ვულოცავ მას, მის ოჯახს, დღეს ქვეყანას ჰყავს ერთით ნაკლები პოლიტპატიმარი, მაგრამ პოლიტიკურ ტყვეობაში რჩება ჩვენი პარტიის თავმჯდომარე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დროულად მოხდეს მისი გათავისუფლება“, – განაცხადა ბოკუჩავამ.