თინა ბოკუჩავა - „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად მუშაობს პარტნიორებთან სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა არ დაკარგოს
თინა ბოკუჩავა - „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად მუშაობს პარტნიორებთან სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა არ დაკარგოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე, რათა საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების უნიკალური შესაძლებლობა არ დაკარგოს.

ბოკუჩავას თქმით, ხელისუფლება მიზანმიმართულად არ ასრულებს რეკომენდაციებს და ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

„ბრიუსელის და სტოკჰოლმის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის განსაზღვრავს, შემდეგ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ოქტომბერში. დეკემბერში ევროკომისიამ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს და აგრძელებს სვლას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი რუსული რეჟიმი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველომ დაკარგოს კანდიდატის სტატუსის შანსი. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპელი ლიდერები ქართველ ხალხს ამ შანსს არ დაუკარგავენ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე. ვმუშაობთ, რათა საქართველომ ეს უნიკალური შესაძლებლობა არ დაკარგოს. რთულია პროგნოზირება, არც, ერთი მხრივ, მსურს ყალბი დადებითი მოლოდინის შექმნა და არც, მეორე მხრივ, პესიმისტური მოლოდინის დანერგვა. ამიტომაც თავს შევიკავებდი ნებისმიერი ტიპის სპეკულაციისგან, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია, ვთქვათ ერთი რამ – ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, მიზანმიმართულად არ ასრულებს რეკომენდაციებს და მიზანმიმართულად ახდენს პროცესის საბოტაჟირებას, მაგრამ ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველო ამ შანსს არ დაკარგავს“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.