თინა ბოკუჩავა - მთავრობის ე.წ. ანტიკრიზისული გეგმა შერჩევითი, არასაკმარისი და დაგვიანებულია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პრივილეგირებულ კასტას ეპიდემია არ შეტყობია, მაშინ, როდესაც ბევრმა ადამიანმა სამსახური დაკარგა და უკიდურეს გაჭირვებაში უწევს ცხოვრება.
უფრო მეტიც, ბოკუჩავას თქმით, შექმნილი ვითარებით ბევრმა კომპანიამ ისარგებლა კიდეც.
ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა შერჩევითი, არასაკმარისი და დაგვიანებულია.
„ე.წ. ანტიკრიზისული გეგმის ის ნაწილი, რაც თქვენ წარმოადგინეთ, ძალიან კარგად გამოხატავს მთლიანად იმას, რაც არის თქვენი ე.წ. ანტიკრიზისული გეგმა. ეს არის ძალიან ცოტა და ძალიან დაგვიანებით. რამდენი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდა საქართველოში, რაც ადამიანებმა დაკარგეს სამუშაო ადგილები, რაც უკიდურეს გაჭირვებაში უწევს ცხოვრება მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, „ქართული ოცნების“ პრივილეგირებული კასტისგან განსხვავებით, რომელსაც საერთოდ არ დატყობია აღნიშნული ეპიდემია, პირიქით ისარგებლა ძალიან ბევრმა კომპანიამ, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ არის დაახლოებული, ამ მძიმე სიტუაციიდან პირიქით, სარგებელი ნახა, ბიზნესინტერესების გაფართოების საშუალება ნახა, მაგრამ მათგან განსხვავებით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა და ცხოვრობს, მაშინ როდესაც გაჩერებულია ეკონომიკა, გაჩერებულია მთელი ქვეყანა, მაგრამ გაჩერებული არ არის არც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების ბიზნეს ინტერესები და მათი კომპანიების საქმიანობა, გაჩერებული არ არიან ბიძინა ივანიშვილის ხეები და გაჩერებული არ არის ბიძინა ივანიშვილის ოქროს ექსპორტი. აი, ეს არის სამწუხაროდ ის მოცემულობა, რაც გაგვაჩნია“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.
ამასთან, უშუალოდ ანტიკრიზისული გეგმის ნაწილზე დეპუტატმა განმარტა, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებას არა ერთი კონკრეტული ნაბიჯი შესთავაზა.
„ჩვენ ვითხოვდით კომუნალურ ვაუჩერებს, გააკეთა ეს ხელისუფლებამ, მაგრამ აქაც ძალიან ცოტა და ძალიან დაგვიანებით. ჩვენ ვითხოვდით საშემოსავლო გადასახადის განახევრებას, მაგრამ აქაც დღეს ვხედავთ ბატონ გიორგის მიერ წარმოდგენილი კანონით, რომ ხელისუფლება მხოლოდ 6 თვით აკეთებს ამას და მხოლოდ გარკვეულ კატეგორიაზე. აქაც ძალიან ცოტა და ძალიან დაგვიანებით, ბატონო გიორგი. ჩვენ ვითხოვდით იმას, რომ მოხდეს საბანკო ვალდებულებების გადავადება კიდევ 3 თვით, აქაც ვნახეთ, ბატონმა გახარიამ დღეს დააანონსა, რომ მოხდება მხოლოდ და მხოლოდ პროცენტის ვალდებულების გადავადება. აქაც ძალიან ცოტა და ძალიან დაგვიანებით.
აი, ეს არის რეალურად ის პასუხი, რაც საქართველოს მოსახლეობამ მიიღო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. იმ სახსრების საფუძველზე, რომელიც საქართველოს გამოუყვეს საერთაშორისო ინსიტიტუციებმა, რომლებიც უნდა განაწილდეს არა პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით, არამედ საჭიროებების მიხედვით, ეკონომიკური საჭიროებების მიხედვით, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ძალიან ცოტას, ძალიან დაგვიანებით და ძალიან უსამართლოდ, შერჩევით, ისევე როგორც მოქმედებდა საგანგებო მდგომარეობის დროს. როდესაც ადამიანებს კილომეტრობით უწევდათ სიარული, რათა პური ეყიდათ, რადგან საავტომობილო გადაადგილებაზე შეზღუდვები არსებობდა, ამ დროს რუსთაველზე, არც თუ ისე შორს ამ შენობიდან, თქვენი ხელისუფლების სახე, ოთარ ფარცხალაძე, კრიმინალი, დაბურულ შუშებიანი შავი ჯიპით უკანონოდ გადაადგილდებოდა რუსთაველის გამზირზე. აი, ეს არის რეალურად ეს ე.წ. ანტიკრიზისული გეგმა და ეს არის რეალურად ის ნაწილი, რომელიც ბატონმა გიორგიმ აქ წარმოადგინა. შერჩევითი, არასაკმარისი და არადროული, რეალურად, დახმარება უნდა იყოს იმ მომენტში, როდესაც ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირთ“,- განაცხადა ბოკუჩავამ.