თინა ბოკუჩავა - მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი, როცა პოლიტიკურ სპექტრში ეს განხილვის თემა არ ყოფილა, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ნაადრევია
მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი, როცა პოლიტიკურ სპექტრში ეს განხილვის თემა არ ყოფილა, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ნაადრევია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ზურაბიშვილს პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატი ჰყავს.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გვაქვს შემოთავაზება, გავმართოთ კონსულტაციები. ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ ამგვარი კონსულტაციებისთვის. ჩვენ ხელმომწერი ვართ „ქართული ქარტიის“, რომელიც არის ერთგვარი გზამკვლევი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ამიტომ თავისთავად ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. თუმცა ვფიქრობ, ჯერ საუბარი მთავრობის დაკომპლექტებაზე, ამ ეტაპზე ყოველშემთხვევაში, როცა ეს განხილვის თემა პოლიტიკურ სპექტრში არ ყოფილა, იქნება ნაადრევი. თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი აირჩევს კოალიციურ მთავრობას. ეს იქნება ახალი განაცხადი საქართველოსთვის. მე მჯერა, რომ კოალიციური, მრავალპარტიული მთავრობა შეიყვანს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შემთხვევაში, უკვე ჰყავს პრემიერობის საკუთარი კანდიდატი.