თინა ბოკუჩავა - მშვიდობიან რევოლუციურ მოძრაობებში საშიში არაფერია, საშიში არის უზურპირებული ხელისუფლება
თინა ბოკუჩავა - მშვიდობიან რევოლუციურ მოძრაობებში საშიში არაფერია, საშიში არის უზურპირებული ხელისუფლება

მშვიდობიან რევულუციურ მოძრაობებში და პროტესტში საშიში არაფერია, საშიში არის უზურპირებული ხელისუფლება, უკუსვლა, – ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, საშიში არის ადამიანებისთვის თავისუფალი არჩევანის წართმევა, რასაც მშვიდობიანი პროტესტით უნდა ებრძოლონ.

„რევოლუციური სცენარი, ეს სიტყვათა წყობაა, სამთავრობო მედიებისგან წლების მანძილზე ვხედავთ მისგან რაღაც მტრის ხატის და საფრთხობელის შექმნის მცდელობას. მშვიდობიან რევოლუციურ მოძრაობებში და მშვიდობიან პროტესტში თავისთავად საშიში არაფერია, საშიში არის უზურპირებული ხელისუფლება, საშიში არის ის უკუსვლა, რომელსაც ვხედავთ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში და ადამიანებისთვის თავისუფალი არჩევანის წართმევა. ამას უნდა ვებრძოლოთ მშვიდობიანად და მშვიდობიანი პროტესტით“, – აღნიშნა ბოკუჩავა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას.

ამასთან, ბოკუჩავას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს პოლიტიკური ოპონენტების დაკნინება და მათგან მტრის ხატის შექმნა.

„ქართული ოცნების“ ერთგვარი სამარკო ნიშანია ოპონენტების ამგვარი დაკნინება, სიძულვიის ენა განსაკუთრებით ქალბატონი წულუკიანისგან, თუმცა სხვებისგანაც. მათი პოლიტიკური ოპონენტებისგან მტრის ხატის შექმნა, დაჭერა, საზოგადოების დაქსაქსვა და დაყოფა არის ის პოლიტიკა, რასაც ივანიშვილი უკვე მეცხრე წელია, ახორციელებს. ამიტომ უნდა ჩამოვაშოროთ ეს ადამიანი ხელისუფლებას, რათა ქვეყანა მართოს ნორმალური, დემოკრატიული ინსტიქტების მქონე პროდასავლურმა, პროფესიონალმა გუნდმა, რომელიც ზრუნავს ქვეყნის კეთილდღეობაზე და არ არის დაკავებული საკუთარი ოპონენტების მუდმივი შეურაცხყოფით“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „გიგა ბოკერია, რომელიც ქართულ სახელმწიფოს რევოლუციით ემუქრება, დღეს პარლამენტარიც კი არ არის“.

წულუკიანის თქმით, ბოკერიას პარტიას საპარლამენტო არჩევნებში სამპროცენტიანი შედეგი აქვს, ხოლო თავად ბოკერიას იმ დიდ ოლქში, სადაც მაჟორიტარად კენჭი იყარა, პრაქტიკულად ნულოვანი შედეგი.

ამასთან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სასაცილოა, სამპროცენტიანი პარტიის უმანდატო ლიდერი საზოგადოებას რევოლუციისკენ რომ მოუწოდებს და თან ვალდებულებას აკისრებს. მდინარაძის თქმით, „გიგა ბოკერიამ ჯერ საკუთარი პარტია ჩამოაქცია და ახლა ქვეყნის ჩამოქცევას ცდილობს“.