თინა ბოკუჩავა - მრჩება შთაბეჭდილება, რომ გახარიას გუნდი წინასაარჩევნო კამპანიაშია, პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემა ოპოზიციის ერთიანობაზეა დამოკიდებული, იმედია, შეცდომებს არავინ დაუშვებს
მრჩება შთაბეჭდილება, რომ გიორგი გახარია და მისი პოლიტიკური გუნდი ყოველდღიურად არის წინასაარჩევნო კამპანიაში და ახლაც ცდილობს პარადიგმით – „არა „ქართულ ოცნებას““, „არა „ნაციონალურ მოძრაობას““ რაღაც ხმები წამოიღოს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის ნორმალიზება მოხდება თუ არა, დამოკიდებულია ოპოზიციაზე.
„ბრიუსელში შეხვედრებზე ყველა გვეუბნება, ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ ვართ ქართველი ხალხის გვერდით, არ ვაპირებთ, ვაღიაროთ ეს არჩევნები, ვცნოთ ამ არჩევნების ლეგიტიმაცია და ურთიერთობების ნორმალიზაცია მოვახდინოთ დღევანდელ ხელისუფლებასთან. მოხდება თუ არა ნორმალიზაცია, დამოკიდებულია ჩვენზე. ერთი მხრივ, ოპოზიციაზე, რამდენად შეძლებს, შეინარჩუნოს მკაფიო და ერთგვარი პოზიცია, რომელიც არსებობს პარლამენტის ლეგიტიმაციის არაღიარებასთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაშიც ვერასდროს გავამართლებ გახარიას, არის ის, რომ ყოველდღიურად მრჩება შთაბეჭდილება, ეს ადამიანი და მისი პოლიტიკური ჯგუფი წინასაარჩევნო კამპანიაში არიან და ახლაც ცდილობენ, პარადიგმით – „არა „ქართულ ოცნებას““, „არა „ნაციონალურ მოძრაობას““ რაღაც ხმები წამოიღონ. უკაცრავად, მე მინდა, შევახსენო ბატონ გახარიასაც და ყველას, ვისაც ილუზია აქვს, რომ ამ ქვეყანაში რაღაც შეიძლება ნორმალიზდეს, თუ ჩვენ არჩევნების უფლება არ დავიბრუნეთ, ივანიშვილმა რომელიმე პარტიას კი არ წაართვა არჩევანი ან ხმები, ან მომავალი, ან საპარლამენტო მანდატები, არა, მან ჩვენს ქვეყანას წაართვა ევროპული პერსპექტივა. ჩვენს ქვეყანას და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წაართვა არჩევნების, როგორც ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების ინსტრუმენტის ბერკეტი და თქვა, რომ ეს ბერკეტი ქვეყანაში აღარ არსებობს. ამაში ვერ გავამართლებდი გახარიას გუნდს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავა იმედს გამოთქვამს, რომ შეცდომებს არცერთი პოლიტიკური ჯგუფი არ დაუშვებს.
„სხვადასხვა ტაქტიკა რომ გვქონდეს, თუნდაც სიებთან დაკავშირებით, და ჩვენმა წარმომადგენელმა ჩვენი განცხადებები შემაჯამებელ ოქმამდე რომ შეიტანა ცესკო-ში და სხვა პარტიებმა ეს არ გააკეთეს, თუნდაც „ლელომ“, მეორეხარისხოვანი საკითხია. ამაზე ფოკუსირება და განხეთქილების ვაშლად ქცევა სწორი არ არის. მთავარია პრინციპული და ფუნდამენტური საკითხი, ვინმე შედის თუ არ შედის პარლამენტში. ჩემი პოლიტიკური გუნდის სახელით ამაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ და რაც მესმის სხვებისგან, ამ ეტაპზე არ მაქვს საფუძველი, მქონდეს ეჭვი, რომ ვინმე აპირებს, ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია მიცეს. ამიტომ მოხდება თუ არა დასავლეთისგან ნორმალიზება, დამოკიდებულია ჩვენს პრინციპულობაზე, ერთიანობაზე, ჩვენს მკაფიოობაზე და იმედი მაქვს, შეცდომებს არცერთი პოლიტიკური ჯგუფი არ დაუშვებს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.