თინა ბოკუჩავა - მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იყოს განხილული ჩვენი კანონპროექტი, რომელიც სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას კრძალავს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას განცხადებით, დღეს ბიუროს სხდომაზე დააყენებენ საკითხს, მოხდეს განხილვა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ერთი წლის წინ ინიიცირებული კანონპროექტის, რომელიც სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას კრძალავს.
„ჯერ კიდევ შარშან ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააინიიცირა კანონპროექტი, რომელიც აკრძალავდა სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას. ნაცვლად იმისა, რომ უმრავლესობას აღნიშნული კანონპროექტი განეხილა დაჩქარებული წესით, მათ აღნიშნული კანონპროექტი თაროზე შემოდეს და საპარლამენტო პროცესი გაყინეს. „რუსულმა ოცნებამ“ შემოუშვა გავრილოვი თავის დროზე, რომელმაც საქართველოს მიმართა იმ სკამიდან, საიდანაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა; მათ შემოუშვეს რუსი პროპაგანდისტი პოზნერი, როდესაც მთელი ქვეყანა დახურული იყო და ადამიანები ულუკმაპუროდ იყვნენ დარჩენილი პანდემიის დროს; მათ ახლა უკვე შემოუშვეს ლავროვის ოჯახის წევრები, რომლებიც საერთაშორისოდ სანქცირებული პირები არიან და რომლებისთვისაც დაკეტილია მთელი თავისუფალი სამყარო. ვინ იქნება შემდეგი ამ ხელისუფლების პირობებში, თავად ლავროვი, რომელიც არქიტექტორია 2008 წლის ომის, გენოციდის, უკრაინის ომის, რომელიც ამბობს, რომ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე? ვის ველოდოთ საქართველოში შემდეგს? ამ ხელისუფლების პირობებში არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ მომავალშიც არ შემოვლენ საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული პირები. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს კანონპროექტის განხილვა, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დააინიიცირა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. ჩვენ აღნიშნულ საკითხს დავაყენებთ დღეს ბიუროს სხდომაზე და მოველით, რომ საქართველოს პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილება განახორციელოს, რათა დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესი და აკრძალოს სანქცირებული პირების შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პარტიის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, შეზღუდვები გავრცელდება:
ყველა იმ ფიზიკურ პირზე და იურიდიულ პირზე, რომლის მხრიდანაც ხორციელდება საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და აგრესია; ყველა იმ ფიზიკურ პირზე და იურიდიულ პირზე, რომლებიც ევროკავშირის ანდა ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ იქნა სანქცირებული საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის გამო; ყველა იმ ფიზიკურ პირზე და იურიდიულ პირზე, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი. მათ ეკრძალებათ საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა; საქართველოში მოქმედ ყველა სახის იურიდიულ პირს აეკრძალება დაფინანსების მიღება პირდაპირ ან ირიბად ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირის მხრიდან, რომლებსაც დარღვეული აქვთ ოკუპაციის შესახებ კანონი; უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ ოკუპაციის შესახებ კანონი, ეკრძალებათ საქართველოში შემოსვლა.
კანონპროექტის მიხედვით, სავიზო ვალდებულებისგან აღარ გათავისუფლდებიან იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დარღვეული აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ვერ ისარგებლებენ ერთწლიანი საგამონაკლისო ვადით. ამ ქვეყნის მოქალაქეებს უფლება ექნებათ, საქართველოში შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ 90 კალენდარული დღის ვადით ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში. როგორც თიკა ბოკუჩავამ განმარტა, აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება იმ პირებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდათ, აქვთ ან შეუწყდათ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ მე-19 მუხლის შესაბამისად.
პარტიის ინფორმაციით, საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები ფართოვდება და უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქმება: თუ მას დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ; სანქცირებულია ევროკავშირის ან ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ.