თინა ბოკუჩავა - მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრება, მაგრამ ანგარიშვალდებული ვარ ჩემს ამომრჩეველთან, მოპარული არჩევნების შედეგად ფორმირებულ პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ მივცემთ
მოპარული არჩევნების შედეგად ფორმირებულ პარლამენტს ოთხწლიან ლეგიტიმაციას ვერ მივცემთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ევროპარლამენტარების განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრება. ამას გეუბნებით პერსონალურად, ისევე, როგორც პოლიტიკურად, რადგან ჩვენ ვართ პროდასავლური ოპოზიცია, რომელსაც გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ამ კავშირების შენარჩუნება, თუმცა აქვე უნდა ავღნიშნო, რომ როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი პოლიტიკოსი, უპირველეს ყოვლისა, ანგარიშვალდებული ვარ ჩემს ამომრჩეველთან, იმ ხალხთან, რომელმაც მიუხედავად ეპიდემიოლოგიური რისკებისა, საკუთარი არჩევანი გააკეთა 31 ოქტომბერს, რომელიც შემდეგ მას მოპარა ბიძინა ივანიშვილმა და რა თქმა უნდა, მოპარული არჩევნების შედეგად ფორმირებულ პარლამენტს ოთხწლიან ლეგიტიმაციას ჩვენ ვერ მივცემთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოთხმა ევროპარლამენტარმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: „მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავშეკავება და მოწიფულობა, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს და იპოვონ საჭირო კომპრომისი“.