თინა ბოკუჩავა - მიხეილ სააკაშვილის განცხადებას არასწორად ციტირებთ
თინა ბოკუჩავა - მიხეილ სააკაშვილის განცხადებას არასწორად ციტირებთ

ჩემდა სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას არასწორად ციტირებთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილის 12 აპრილს, ვარშავაში უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრის დროს გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზედმეტად წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება, ისევე, როგორც არავის სჭირდებოდა ზედმეტად წარმატებული საქართველო. სააკაშვილის თქმით, ერთი მხრივ, არსებობს პუტინი, რომელსაც უკრაინა არ სჭირდება, მეორე მხრივ – დასავლეთი კოლონიალური მიდგომებით.

„მე რამდენადაც მახსოვს, ეს არა საქართველოს, არამედ უკრაინასთან მიმართებაში გაკეთებული განცხადება იყო. უკრაინას რაც შეეხება, ჩემი აზრია, რომ ახლა მნიშვნელოვანია, არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს ისე, რომ ოლიგარქებმა ამ არჩევნების შედეგის გაკონტროლება ვერ შეძლონ, როგორც საქართველოში სამწუხაროდ, და რეალურად ხალხის ნება აისახოს.

რაც შეეხება საქართველოს, ამ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობის არჩევანია ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის დასავლეთი, ეს არის ნატო და ევროკავშირი. სამწუხარო ის არის, რომ დღეს ის ხელისუფლება არ გვყავს, რომელიც შეძლებს, საქართველოს მოსახლეობის ნების გამოხატულება ბოლომდე მიიყვანოს და ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი გახადოს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.