თინა ბოკუჩავა - მიხეილ სააკაშვილი გამოიყურება სუსტად, ძალიან ფერმკრთალი, მცირე ტრემორი კვლავ აღინიშნება
მიხეილ სააკაშვილი გამოიყურება სუსტად, ძალიან ფერმკრთალი, მცირე ტრემორი კვლავ აღინიშნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ N 18 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა მალე დასრულდა, თუმცა შენობის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ.
„ციხის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელზე ამას ვერ ვიტყვი, რადგან იქ არიან კეთილსინდისიერი თანამშრომლები, რომელთაც გული შესტკივათ, მაგრამ არიან ასევე თანამშრომლები, რომლებიც არიან მწვალებლები და სადისტები, რომლებიც არ მაძლევდნენ ციხის შენობის დატოვების უფლებას. მე ჩემი შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან დავასრულე მალე, მან მოიკითხა მოშიმშილეები, უპირველეს ყოვლისა, ელენე ხოშტარია, რომლის მდგომარეობაც დღითი დღე მძიმდება. ჩვენ ასევე გვქონდა სალაპარაკო კონკრეტულ საკითხზე და დასრულდა ძალიან მალე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები არ აძლევდნენ ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობას.
„კორესპონდენციის გამოტანის საშუალებას არ მაძლევდნენ და საათზე მეტი ადგენდნენ გაუგებარ ოქმს. წარმოუდგენელია, რაც აქ ვიხილე. დავრწმუნდი, რომ ადამიანობა და ჰუმანურობა არ გააჩნიათ. არ ვსაუბრობ ციხის ყველა თანამშრომელზე. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის გამოიყურება სუსტად, ძალიან ფერმკრთალი, მცირე ტრემორი კვლავ აღინიშნება. ნიკოლოზ ყიფშიძეს შიგნით არ უშვებენ, მე გარეთ არ მიშვებდნენ. არ ვიცი, რით ხელმძღვანელობს ციხის ადმინისტრაცია. შეიძლება, ჩემი შეფერხებაც იმით იყო განპირობებული, რომ ნიკოლოზ ყიფშიძე არ შეეშვათ და ეთქვათ, რომ თინა ბოკუჩავა იმყოფებოდა ვიზიტზე. თავად შეუძლიათ, ამოიღონ კადრები და ნახონ, რომ ჩემი ვიზიტი დასრულდა საკმაოდ მალე და შემდეგ ციხის ადმინისტრაცია არ მაძლევდა ციხის ტერიტორიის დატოვების საშუალებას. ამის მიზეზად მოიყვანეს, რომ არ მქონდა კორესპონდენციის გამოტანის უფლება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, კორესპონდენციის გამოტანასთან დაკავშირებით არც ერთ მის კოლეგას არ შექმნია პრობლემა.