თინა ბოკუჩავა - მიგვაჩნია, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიებაში ევროკავშირმა წამყვანი როლი უნდა ითამაშოს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების საკითხი.
ბოკუჩავას თქმით, ამ პროცესში ევროკავშირმა წამყვანი როლი უნდა ითამაშოს.
„საუბრის ერთ-ერთი თემა ნამდვილად იყო საერთაშორისო გამოძიება, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ ივანიშვილის პროკურატურა, რომელიც თანამონაწილე იყო სისტემური გაყალბების ოპერაციის, ვერ გამოიძიებს თავისავე დანაშაულს. ამიტომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოძიება. მიგვაჩნია, ევროკავშირმა უნდა ითამაშოს წამყვანი როლი, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო გახდა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა. შესაბამისად, გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, გააუქმოს თუ არა უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის, დაუწესოს თუ არა ივანიშვილს თუ მის გარემოცვას პერსონალური სანქციები, უნდა დაეყრდნოს არჩევნებზე მიღებულ ინფორმაციას, რასაც პროკურატურა ვერ და არ მიაწვდის, რადგან თავად არის სპეცოპერაციის მთავარი მონაწილე, რომლითაც ივანიშვილმა ხალხს ევროპული არჩევანი მოსტაცა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
კითხვაზე, რა არის საჭირო საერთაშორისო გამოძიების დასაწყებად, ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სხვადასხვა მექანიზმი არსებობს.
„არსებობს სხვადასხვა მექანიზმი, მაგალითად, ევროპარლამენტის რეზოლუცია, ასევე ევროკავშირის საგარეო მინისტრებს, რომლებიც 18 რიცხვში შეიკრიბებიან, შეუძლიათ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება. ფაქტია, არსებობს პოლიტიკური ნება, რადგან, პრაქტიკულად, ევროკავშირის არცერთი წევრი, გარდა უმცირესობისა, არ ულოცავს არჩევნებს, არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას. ეს ადასტურებს, რომ ცივილიზებული სამყარო კარგად ხედავს, რომ არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. კონკრეტულად რა მექანიზმის გამოყენება მოხდება საარჩევნო შედეგის ტოტალური მიტაცების შესასწავლად, დარწმუნებული ვარ, ამაზე ევროკავშირშიც შეჯერდებიან“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
კიდევ ერთ კითხვაზე, ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე ხომ არ ყოფილა საუბარი სანქციებსა და ვიზალიბერალიზაციაზე, ბოკუჩავამ განაცხადა:
„ყველაფერი დევს მაგიდაზე. არაერთხელ უთქვამთ თავად საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, მათ ლიდერებს, რომ ყველაფერი განიხილება, იქნება ეს პერსონალური სანქციები ივანიშვილის მიმართ, უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება, ვიდრე ხდება ხელისუფლების მიტაცება, უზურპაცია არალეგიტიმური არჩევნებით. ყველაფერი განიხილება და დევს მაგიდაზე, თუმცა ახლა, ჩვენ მიერ მიწოდებულ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ მტკიცებულებებთან ერთად, შესაძლოა, დამატებით განიხილონ ამგვარი მტკიცებულებების მოძიება თავად ევროკავშირის მხრიდან“.
ცნობისთვის, სამი ოპოზიციური გაერთიანების ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ. დიპლომატიური მისიის ოფისში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა.