თინა ბოკუჩავა - მელიას და რურუას გათავისუფლების გარეშე პოლიტიკური მოლაპარაკება წინ ვერ წავა
დანიელსონი დიდწილად, ისმენდა ოპოზიციის პოზიციებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, დავინახოთ ამ მოლაპარაკების საბოლოო შედეგი და რას ვფიქრობთ იმ ხუთივე პუნქტზე, რომელიც არის შარლ მიშელის გზამკვლევ დოკუმენტში“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისი თქმით, ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის ელემენტები, რომლის გარეშეც ოპოზიცია შეთანხმებას ვერ ხედავს.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით გარკვეულ კომპრომისზე წავიდეს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დათმობაზე წავა და ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს, ასევე, შესაძლებელია თუ არა, ეს კომპრომისული ვარიანტი იყოს პლებისციტი, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მთლიანად ოპოზიციისთვის ფუნდამენტური საკითხია, მაგრამ მელიასთან ერთად არის მეორე პოლიტპატიმარი, გიორგი რურუა, რომელიც დიალოგის არც ერთ ეტაპზე არავის დავიწყებია.
ბოკუჩავას განცხადებით, მართალია, ის პლებისციტის მიმართ სკეპტიკურად განწყობილთა რიგებშია, მაგრამ მათი გათავისუფლების შემთხვევაში, რამდენადაც შეთანხმება ყველა მხრიდან გარკვეულ დათმობას ნიშნავს, ოპოზიცია უნდა შეჯერდეს რაღაც კომპრომისულ ვარიანტებზე და ვადამდელი არჩევნების მისაღწევად სხვადასხვა ინსტრუმენტი განიხილოს.
„ეს არის ვალი, რომელიც ივანიშვილს გადასახდელი აქვს პარტნიორების და საქართველოს საზოგადოების წინაშე, რომლებსაც 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში დაპირდა, რომ გიგი უგულავასთან და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად გიორგი რურუასაც გაათავისუფლებდა, მაგრამ მან ეს დანაპირები არ შეასრულა. ამიტომ, ეს ვალი უნდა დაფაროს, თუ სურს, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს. ამიტომ, ნიკა მელიას და გიორგი რურუას ჩვენ განვიხილავთ ერთობლივად, როგორც იმ პოლიტპატიმრებს, რომელთა გათავისუფლების გარეშე პოლიტიკური მოლაპარაკება წინ ვერ წავა. ჩვენ, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ შეთანხმება ნიშნავს ყველა მხრიდან გარკვეულ დათმობას და ამ სულისკვეთებიდან გამომდინარე, ოპოზიცია უნდა შეჯერდეს რაღაც კომპრომისულ ვარიანტებზე და ვადამდელი არჩევნების მისაღწევად სხვადასხვა ინსტრუმენტი განიხილოს. ამ ეტაპზე, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავამ ასევე აღნიშნა, რომ არ სურს, მოვლენებს წინ გაუსწროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან ვერ ხედავს ვერანაირ შემხვედრ ნაბიჯებს და კონკრეტულ შემოთავაზებას პოლიტიკური კრიზისის განმუხტვასთან დაკავშირებით.
როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, მოხარულია, რომ „ქართული ოცნების“ სახელით მოლაპარაკების მაგიდასთან მომლაპარაკებელი ირაკლი ღარიბაშვილი არ არის.
„სინამდვილეში, ყველა მომლაპარაკებელი, რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან „ქართული ოცნების“ სახელით მოდის, ივანიშვილის გადაწყვეტილებით შეირჩევა. მოხარული ვარ, რომ ეს ღარიბაშვილი არ არის. როგორც ჩანს, ივანიშვილიც კი მიხვდა, რომ ღარიბაშვილი რაც შეიძლება, ნაკლებად უნდა გამოაჩინოს იმ სკანდალური ჩანაწერების შემდეგ, რომლის ავთენტიკურობის კვლევა პროკურატურას საერთოდ არ დაუწყია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.