თინა ბოკუჩავა - კვირას, როდესაც იქნება გახარიას დამტკიცების პროცედურა, ვაპირებთ, გახარიასა და მის ბატონს, ბიძინა ივანიშვილს გავაგონოთ მოსახლეობის ხმა
თინა ბოკუჩავა - კვირას, როდესაც იქნება გახარიას დამტკიცების პროცედურა, ვაპირებთ, გახარიასა და მის ბატონს, ბიძინა ივანიშვილს გავაგონოთ მოსახლეობის ხმა

კვირას, როდესაც იქნება გახარიას დამტკიცების პროცედურა, ვაპირებთ, გახარიასა და მის ბატონს, ბიძინა ივანიშვილს გავაგონოთ მოსახლეობის ხმა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„მათ შორის საკომიტეტო განხილვების ფორმატს ოპოზიციამ გამოუცხადა ბოიკოტი, რადგანაც ვერ ვხედავდით ვერანაირ აზრს მონაწილეობის მიღებისა იმ ფარსში, სადაც რაღაც ვირტუალური სამთავრობო პროგრამა უნდა წარმოედგინა კრიმინალ გახარიას საკუთარი მთავრობით, რომლის გადადგომასაც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან ითხოვდა ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, საკომიტეტო მოსმენის მსგავსად, ასევე არ მიიღებს მონაწილეობას ფრაქციის ფორმატში მოსმენაში.

„თუმცა, კვირას, როდესაც უკვე იქნება გახარიას დამტკიცების პროცედურა, აუცილებლად ვაპირებთ, რომ გახარიას და მის ბატონს, ბიძინა ივანიშვილს გავაგონოთ მოსახლეობის ხმა ყველა იმ ძალიან მწვავე და მტკივნეულ საკითხზე, რომელიც ეხება პირადად გიორგი გახარიას, რომელიც არაერთი სისასტიკის მთავარი არქიტექტორი და ავტორია, მათ შორის, რა თქმა უნდა, ის არის მთავარი შემოქმედი 20-21 ივნისის სისხლინი ღამის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაწყებულიყო და მისი დაწინაურება საზოგადოების შეურაცხყოფაა.

„ისევე, როგორც საკომიტეტო განხილვები, რომლებიც იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ ფარსი, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა სრულიად საპარლამენტო ოპოზიციამ, ჩვენი აზრით, იგივე სპექტაკლი უნდა დაედგა გიორგი გახარიას, რომლის ადგილიც არა პრემიერ-მინისტრის სავარძელში, არამედ ციხეშია, ნორმალურ საზოგადოებაში, სადაც არსებობს დამოუკიდებელი გამოძიება და სასამართლო, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ქვეყანა, სადაც აღარ არსებობს არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, სადაც ყველა სახელმწიფო რგოლი არის ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაში. ნაცვლად იმისა, რომ გამოძიება დაწყებულიყო გახარიას წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილი სრულიად ცინიკურად სულში აფურთხებს საზოგადოებას, არამცთუ აყენებს მის პასუხისმგებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ, არამედ პირიქით, აწინაურებს მას, რაც ბუნებრივია, მაინც ნომინალური პოსტია ბიძინა ივანიშვილის ყოფნის პირობებში, რადგან საქართველოში გადაწყვეტილებებს მხოლოდ ივანიშვილი იღებს და გახარიასაც მოუწევს, ბიძინა ივანიშვილის მონურ მორჩილებაში იყოს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.