თინა ბოკუჩავა - კოპენჰაგენში უკრაინელებს ჰკითხეს, შესაძლოა თუ არა, ოჩამჩირეში ბაზა გახდეს სამიზნე რუსეთის ომში, რა თქმა უნდა, პასუხი არის დადებითი
თინა ბოკუჩავა - კოპენჰაგენში უკრაინელებს ჰკითხეს, შესაძლოა თუ არა, ოჩამჩირეში ბაზა გახდეს სამიზნე რუსეთის ომში, რა თქმა უნდა, პასუხი არის დადებითი

საქართველოს მშვიდობას დღეს საფრთხეს უქმნის არა სუს-ის მიერ მოგონილი და უსაფუძვლო სცენარები, არამედ ის, რომ ოკუპანტი რეალურ საზღვაო სამხედრო ბაზას აშენებს ოკუპირებულ აფხაზეთში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ კოპენჰაგენში განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმაღლეს დონეზე არამცთუ არასათანადო, საერთოდ რეაგირება არ არის.

„რუსეთის გეგმაზეც იყო საუბარი, რომ ახალი, უკანონო საზღვაო ბაზა შეიქმნას ოკუპირებულ ოჩამჩირეში, აფხაზეთის რეგიონში. ბუნებრივია, ეს არის ძალიან სახიფათო და ძალიან სამწუხაროა, რომ მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, უმაღლეს დონეზე არ გამოიყენა შესაძლებლობა, საჯაროდ მოეწოდებინა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, მოეხდინა მათი ალარმიზება, რომ ერთობლივად მოხდეს აღნიშნული მოქმედებების დაგმობა. როგორც აქ, კოპენჰაგენში ჰკითხეს უკრაინელებს, შესაძლოა თუ არა, აღნიშნული ბაზა გახდეს სამიზნე რუსეთის ომში, რა თქმა უნდა, პასუხი არის დადებითი.

საქართველოს მშვიდობას დღეს საფრთხეს უქმნის არა სუს-ის მოგონილი, ბოდვითი, არარსებული და უსაფუძვლო სცენარები, არამედ ის, რომ ოკუპანტი რეალურ საზღვაო სამხედრო ბაზას აშენებს ოკუპირებულ აფხაზეთში და სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმაღლეს დონეზე არამცთუ არასათანადო, საერთოდ რეალურად რეაგირება არ არის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნას გეგმავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „შეშფოთებას გამოთქვამთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი ბაზის განლაგებისა და რუსეთის ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ განცხადებებთან დაკავშირებით“.