თინა ბოკუჩავა - ხელისუფლებას, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ნაცვლად, დემოკრატიის საფუძვლები რომ აინტერესებდეს, „დემოკრატიის ფესტივალში“ მონაწილეობაზე უარს არ იტყოდნენ
საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ნაცვლად, დემოკრატიის საფუძვლები რომ აინტერესებდეს, რაც დგას მოქალაქეებთან პირად და პირდაპირ ურთიერთობებზე, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი „დემოკრატიის ფესტივალში“ მონაწილეობაზე უარს არ იტყოდნენ, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ჟურნალისტის კითხვას „დემოკრატიის ფესტივალთან“ დაკავშირებით.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, გადაამოწმა ინფორმაცია „დემოკრატიის ფესტივალის“ ორგანიზატორთან და მათ დაუდასტურეს, რომ პირადი მიწვევა გაეგზავნა ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელს მონაწილეობისთვის.
„ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა არაერთხელ მქონდა გამომდინარე მაღალი სახელისუფლებო ინტერესიდან, რომელიც საფუძვლად უდევს სახელისუფლებო პროპაგანდას „დემოკრატიის ფესტივალის“ და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ „დემოკრატიულ ფესტივალში“. იქ გამოვთქვი ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ სახელისუფლებო პარტიაც „დემოკრატიის ფესტივალზე“ იქნებოდა დაპატიჟებული. ამის შემდეგ მე გადავამოწმე კონკრეტულად იმ ორგანიზაციასთან, რომელიც არის „დემოკრატიის ფესტივალის“ ორგანიზატორი და მათ დამიდასტურეს, რომ პირადი მოწვევა გაეგზავნა ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელს იმისთვის, რომ ივანიშვილის პარტიამაც მონაწილეობა მიიღოს „დემოკრატიის ფესტივალში“, რომელიც ემსახურება მოქალაქეებისთვის პოლიტიკური პარტიების პროგრამების გაცნობას იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლის წინაშეც საქართველოს მოქალაქეები დგანან. შესაბამისად, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, ივანიშვილის პარტიის წევრებს, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ნაცვლად, დემოკრატიის საფუძვლები რომ აინტერესებდეთ, რაც დგას მოქალაქეებთან პირად და პირდაპირ ურთიერთობებზე, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარს არ იტყოდნენ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.