თინა ბოკუჩავა - ხელისუფლებამ ახლა რომ მოიცალა 2012 წლის რაღაც საქმეზე, ამით სურთ, გადაფარონ 5-6 ივლისის სისხლიანი მოვლენები
ხელისუფლებამ ახლა რომ მოიცალა 2012 წლის რაღაც საქმეზე, ამით სურთ, გადაფარონ 5-6 ივლისის სისხლიანი მოვლენები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების ორგანიზებით, ძალადობრივმა ჯგუფებმა სადამსჯელო ოპერაცია მოუწყვეს მედიას.
„54 ჟურნალისტი დაშავდა, დანაშაულებრივი ძალადობრივი ჯგუფები დათარეშობდნენ თბილისის ქუჩებში და მხოლოდ რვა პირია სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული. ამ დროს კი ხელისუფლება ამბობს, რომ დანარჩენ საქმეს იძიებს. ამასობაში, პროკურატურა იცლის იმისთვის, რომ 2012 წლის რაღაც საქმეზე გველაპარაკოს, რაც არ უნდა იყოს. ამ საქმისთვის ახლა რომ მოიცალეს, მათ სურთ, გადაფარონ 5-6 ივლისის სისხლიანი მოვლენები, რაზეც პასუხისმგებელია თავად ხელისუფლება. არა მხოლოდ პასუხისმგებელია, არამედ მათი ორგანიზებით შეიქმნა და მოხდა ძალადობრივი ჯგუფების ქუჩებში გამოშვება, რათა სადამსჯელო ოპერაცია მოეწყოთ მედიისთვის, რომ გაგაჩუმონ და შეგაშინონ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პროკურატურის ინფორმაციით, „2012 წლის ციხის კადრების“ საქმეზე ზურაბ ადეიშვილი და დავით ჭაკუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.