თინა ბოკუჩავა - იუსტიციის საბჭოს წევრების მხარდამჭერი ოპოზიციონერი დეპუტატების საქციელს გამართლება არ აქვს, არ მწამს პოლიტიკაში შემთხვევითობის
ნატო ჩხეიძე რატომ აპელირებს ნიშნიანიძეზე, სრულიად გაუგებარია, რადგან ვისაც მხარი დაუჭირა და გახდა იუსტიციის საბჭოს წევრი, მათ შორის ეს გვარი საერთოდ არ ფიგურირებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ეს არის საფუძველს მოკლებული არგუმენტი, მათი საქციელი გაუმართლებელია.
„ბუნებრივია, ბუნდოვანი და არადამაჯერებელი იქნება ნებისმიერი განცხადება, რაც შეიძლება ამ ადამიანებმა თქვან, რადგან არ არსებობს არგუმენტი, რომელიც გუშინდელ ქმედებას გაამართლებს, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ მათ სასამართლო კლანი გააძლიერეს. დეტალებში შესვლას განზრახ არ ვაპირებ. ნატო ჩხეიძე რატომ აპელირებს ნიშნიანიძეზე, სრულიად გაუგებარია, რადგან ვისაც მხარი დაუჭირა და გახდა იუსტიციის საბჭოს წევრი, მათ შორის ეს გვარი საერთოდ არ ფიგურირებს. შესაბამისად, ნიშნიანიძის გვარის მოყვანა ვერ ახსნის მხარდაჭერას. ეს არის საფუძველს მოკლებული არგუმენტი, რა დეტალებშიც არ უნდა შევიდეთ, მათ საქციელს გამართლება ვერ ექნება. არანაირ წინასწარ შეთანხმებას, გარიგებას ადგილი არ ჰქონია. ამდენწლიანი პოლიტიკური საქმიანობის შემდეგ არ მწამს პოლიტიკაში შემთხვევითობის. განსაკუთრებით, ისეთ ფუნდამენტურ საკითხზე, როგორიც გუშინდელი კენჭისყრა იყო. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მთავარი მაკონტროლებელი ორგანოა სასამართლოში და ეს არის უმთავრესი საკითხი, რომელიც გადაჯაჭვულია ჩვენს ევროპულ მომავალზე. გეთანხმებით, რომ შემთხვევითობის არ მჯერა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
პარლამენტმა გუშინ იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კი კენჭისყრა ხელახლა გაიმართება. გუშინდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, საერთო ჯამში, 29 კანდიდატს უყარეს კენჭი. ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღეს ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი).
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კანდიდატებს კენჭისყრის დროს გუშინ მხარი დაუჭირა ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა – ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და ასევე დილარ ხაბულიანმა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, ვინ მისცა ხმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ ანა წითლიძემ განაცხადა, ვერ ხედავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმ დეპუტატების ადგილს, რომლებმაც იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას მხარი დაუჭირეს.
ამასთან, გუშინვე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“
დატოვეს ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა.