თინა ბოკუჩავა - ინდივიდუალურ სანქციებს ევროკავშირის სრული კონსენსუსი სჭირდება, რაც შეუძლებელია, საუბარია ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერებაზე, როგორც ხელისუფლების გამოსაფხიზლებელ სიგნალზე
ინდივიდუალურ სანქციებს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის კონსენსუსის სჭირდება, რაც არა მხოლოდ რთულია, არამედ შეუძლებელიცაა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„ინდივიდუალურ სანქციებს, ანუ სანქციებს ივანიშვილზე, კალაძეზე, კობახიძეზე და ასე შემდეგ, სჭირდება სრული კონსენსუსი, ანუ 27 ქვეყნის კონსენსუსი, რომელიც არ არის. არსებობს ერთგვარი გარიგება უნგრეთის ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს შორის, რომელიც იმიტომ ჩამოიყვანეს არჩევნების მეორე დღეს, რომ ხალხი დაარწმუნონ, რომ აქვთ მხარდაჭერა. არა მხოლოდ რთულია, არამედ შეუძლებელია, იქ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი არსებობს, არა როგორც საქართველოში, სადაც მხოლოდ ბიძინა იღებს გადაწყვეტილებას. ორბანს აქვს ვეტო“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს, როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ საუბარია მხოლოდ მის დროებით შეჩერებაზე.
„ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერებაზეა საუბარი და არა შეწყვეტაზე, როგორც სიგნალი, ძალიან მძიმე, მაგრამ გამოსაფხიზლებელი სიგნალი ამ ხელისუფლებისათვის. მათ შორის იმ მიზნით, რომ გადაიფაროს პროპაგანდა, თითქოს მათ პირობებში ევროკავშირთან ურთიერთობის ნორმალიზების რაიმე თეორიული შანსიც არსებობს. ამ საკითხს კონსენსუსი არ სჭირდება, სჭირდება კვალიფიციური უმრავლესობა. ეს არის განხილვის საგანი, ეს არის დისკუსია, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. აღდგენაც ხდება იმავე მექანიზმით, რომლითაც ხდება დროებით შეჩერება. შეჩერება შეიძლება იყოს ერთთვიანი, ორთვიანი, თუნდაც სამთვიანი და სამი თვის შემდეგ მოხდეს აღდგენა, მას შემდეგ, რაც საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს“, – განაცხად თინა ბოკუჩავამ.