თინა ბოკუჩავა - იმედია, საპარლამენტო უმრავლესობა დარჩება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაში
ამნისტია ნებისმიერი მისი ფორმულირებით მიუღებელია ჩვენთვის, რომელიც ცდილობს, გადაწეროს ისტორია და პოლიტპატიმრები გაუთანაბროს მოძალადეებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, კანონის ერთი ადამიანისთვის მორგება არაკონსტიტუციურია.
„ამნისტიის კანონზე ჩვენ მთავარ პოლიტიკური გზავნილებზე პარტიის თავმჯდომარე ისაუბრებს. მე ორიოდე სიტყვით გუშინდელზეც ვიტყვი, რომ სამწუხაროა, ამგვარი გზა აირჩიეთ პარლამენტში, ოპოზიციასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისა ნაცვლად, რასაც გავალდებულებთ 19 აპრილის შეთანხმება, თქვენ აირჩიეთ ჩემთვის ძალიან სამარცხვინო პროცედურული ომების გზა. იმედია, ეს იქნება თქვენი მხრიდან ბოლო ასეთი ნაბიჯი და ამ პარლამენტში დარჩებით 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაში. რაც შეეხება ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტს, ის ასევე ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას, რადგან ამ დოკუმენტში არსად არის ნათქვამი, რომ საჭიროა პირის თანხმობა, რათა მასზე გავრცელდეს ამნისტია. ის რომ ამნისტია ნებისმიერი მისი ფორმულირებით მიუღებელია ჩვენთვის, რომელიც ცდილობს, რომ გადაწეროს ისტორია და პოლიტპატიმრები გაუთანაბროს მოძალადეებს, ეს ყველასთვის ცხადია, თუმცა ამ დისკუსიაში მე არ შევალ, გეტყვით მხოლოდ და მხოლოდ ამ კონკრეტულ მუხლზე, რომ ეს ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას. არასდროს არც ერთ სხვა შემთხვევაში, არც ერთი სხვა ამნისტიის დროს არ ყოფილა ამგვარი თანხმობა საჭირო პირის მხრიდან, ერთადერთი ასეთი შემთხვევა არის ხოლმე დოკუმენტაციის ფალსიფიკაციის დროს, რაც არ ეხება ამ კონკრეტულ კანონს. ეს არის კონკრეტულად მორგებული ნიკა მელიაზე, შესაბმისად, ეს არის ასევე არაკონსტიტუციური, რადგან არ შეიძლება, რომ კანონები მოარგოთ ადამიანებს. თუ გსურთ, რომ შეასრულოთ 19 აპრილის შარლ მიშელის დოკუმენტის ვალდებულებები, რაც ამ კანონის წინასიტყვაობაშია, ეს ფორმულირება აუცილებლად უნდა ამოიღოთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ამასთან, შარლ მიშელის დოკუმენტზე „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი არ აქვს მოწერილი.