თინა ბოკუჩავა - გვაქვს ყველა შესაძლებლობა, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აღვადგინოთ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები, მოვიტანოთ ამერიკული ინვესტიციები, მივიღოთ უვიზო მიმოსვლა
ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აღვადგინოთ საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობები, მოვიტანოთ ამერიკული ინვესტიციები, მივიღოთ უვიზო მიმოსვლა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-თან ურთიერთობის ახალ ხარისხში გადაყვანა საქართველოს ბევრ სიკეთეს მოუტანს, განსაკუთრებით კი ეკონომიკური მიმართულებით.
„რამდენიმე კვირის წინ ვიმყოფებოდი რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე, ახლა ვიმყოფებით დემოკრატიული პარტიის კონგრესზე, სადაც მოხდება კამალა ჰარისის წარდგენა, როგორც დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, ვესაუბროთ ამერიკელ ლიდერშიფს საქართველოს და ამერიკის ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით, რადგან ეს სტრატეგიული, უმნიშვნელოვანესი ურთიერთობა დააზიანა ივანიშვილის ანტიდასავლურმა პოლიტიკამ და ნაბიჯებმა. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აღვადგინოთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები, მოვიტანოთ ამერიკული ინვესტიციები, მივიღოთ უვიზო მიმოსვლა აშშ-თან და გადავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობა ახალ ხარისხში, რომელიც მოუტანს ძალიან დიდ სიკეთეს ჩვენს ქვეყანას ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით კი ეკონომიკური მიმართულებით“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.