თინა ბოკუჩავა - გავაგრძელებთ პარლამენტის პიკეტირებას, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება
ჩვენი გეგმები რჩება უცვლელი, ეს არის პარლამენტის შენობის პიკეტირების გაგრძელება, სანამ არ შესრულდება მოთხოვნები, რომელთა შესახებ გუშინ აქციაზე გაკეთდა განცხადებები, – აღნიშნულთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
დეპუტატმა მოთხოვნებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„ეს არის მთავრობის გადადგომა, ვადამდელი პროპორციული არჩევნები, ამ არჩევნების ჩატარება არა თვალთხარია გახარიას მთავრობის მიერ, არამედ დროებითი მთავრობის და სანდო საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სანამ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, ჩვენ გავაგრძელებთ პარლამენტის პიკეტირებას და ივანიშვილის მონებს არ მივცემთ საშუალებას, დაღუპონ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პარლამენტის შენობის შესასვლელები ბლოკირებულია. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე დეპუტატი, რომლებიც დღეს დილით საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ, შენობაში არ შეუშვეს.