თინა ბოკუჩავა - ევროპარლამენტმა ევროპის საბჭოს მიმართა, დაწესდეს სანქციები კონკრეტულ პირებზე, დამნაშავეებსა და მკვლელებზე, მათ შორის თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეებზე
ოპოზიციამ პარლამენტში სრული მხარდაჭერით რეზოლიციის პროექტი დაარეგისტრირა, რომელიც თამაზ გინტურის მკვლელების ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანას მოითხოვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო ასპარეზის გამოყენება უნდა მოხდეს იმისთვის, რომ დამნაშავეებზე სანქციები დაწესდეს.
„ეს იყო სწორედ ოპოზიციის მოთხოვნა და ეს არის სწორედ ევროპარლამენტის მოთხოვნა. ეს ადასტურებს, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს პარლამენტში ოპოზიცია იცავს, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ – საქართველოს მეგობრები, მათ შორის, ევროპაში, ევროპარლამენტში. ხელისუფლება გვყავს, რომელიც ღიად პრორუსულ, კოლაბორაციონისტულ პოლიტიკას ატარებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ იცავს. ევროპარლამენტმა ევროპის საბჭოს, როგორც აღმასრულებელ ორგანოს, მიმართა, რომ დაწესდეს სანქციები კონკრეტულ პირებზე, დამნაშავეებსა და მკვლელებზე, მათ შორის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირებზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ევროპარლამენტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მომზადდა.